„ფინანსური პრობლემები არ მოგვარებულა" - ალიანს ჯგუფმა ტორპედოს უპასუხა
რამდენიმე კვირის წინ, „ტორპედოში“ არსებული პრობლემების გამო, ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და მატჩის ჩატარებაზე უარი თქვეს. რამდენიმე თვეა, რაც ფეხბურთელებსა და კლუბში მომუშავე პერსონალს ხელფასი არ აუღია. მოგეხსენებათ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ტორპედო“ მოედანზე მთავარი გუნდით სწორედ ამ მიზეზით არ გავიდა და შეხვედრა U19-ის და U17-ის ფეხბურთელებით ჩაატარა.
გუშინ „ტორპედომ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივარს სასიხარულო ინფორმაცია გააცნო:
„დღეს საფეხბურთო კლუბ ტორპედოსა და კომპანია ნიუ ვიჟენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ნიუ ვიჟენი სპონსორობას გაუწევს ტორპედოს.
ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია.
ქუთაისის ტორპედოს სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია ნიუ ვიჟენს“,- ნათქვამია განცხადებაში.
„ტორპედოს განცხადებას „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და მისი დამფუძნებელი, აიეტ კუკავა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურნენ:
„გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბმა ტორპედომ სასპონსორო ხელშეკრულება ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს ტორპედოს და ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია“.
ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის სახელით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ ცდილობს გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ შექმნას მცდარი საინფორმაციო ფონი.
ფინანსური პრობლემები ქუთაისის ტორპედოში მოგვარებული არ არის. ამჟამად სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად ტორპედოს გააჩნია იტალიელი ინვესტორების ვალი 2 მილიონი ლარის ფარგლებში და სახელფასო დავალიანება 700 ათასი ლარის ფარგლებში, რაც ჯამში დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. დავალიანების, რომლის გასტუმრების გარეშეც კლუბი აღმოჩნდება გადაულახავი პრობლემების წინაშე. აღარას ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლის ბოლომდე გუნდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 3 მილიონიანი ვალის დაფარვის გარდა, კიდევ 2 მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო“.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ კლუბის შესყიდვისთვის იბრძოლებს:
„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების მიზნით ჩატარდება. შესაბამისად, დღეიდან 2,5 წელიწადში 6 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ და გუნდის განვითარების პროპორციულად ინვესტიციები შესაბამისად გაიზრდება“.
ამ ეტაპზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პაუზაა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გასული, 21 ტურის შემდეგ, „ტორპედოს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს, რაც პლეი-აუტის ზონაა.
შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მძიმე დროს, ოფიციალურად, მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ჩხეტიანი დაბრუნდა, რომლისთვისაც „ტორპედო“ უცხო არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2016/2020 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო.