Aa
Aa

"უხეში და ცუდი შეცდომა დავუშვით" - ლიოვი უნგრეთთან მატჩის შემდეგ

ევრო 2020-ის მესამე ტურში დრამატული მატჩები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უნგრეთისა და გერმანიის დაპირისპირება იყო. უნგრელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა გერმანიამ ორჯერვე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ჯგუფიდან გავიდა. თამაშის დასრულების შემდეგ, „ბუნდესმანშაფტის“ დამრიგებელმა იოჰიმ ლიოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ლიოვმა?

„ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ძალიან უხეში და ცუდი შეცდომა დავუშვით. ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა თუ გვსურს, ასეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავში ეჭვი არ გვეპარება და ერთმანეთის მიმართ უდიდესი ნდობა გვაქვს.

ყველა პატარა ნაკრები ასეთ თამაშებში ძალიან ბევრს შრომობს და თავს კარგად იცავს. უნგრეთი საკუთარ ნახევარზე 10 ფეხბურთელით თამაშობდა, თუმცა არ მიკვირს. მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. ჯგუფიდან გასვლა დიდებული მომენტია. ახლა ინგლისთან გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

ჩვენ ყველაზე რთულ ჯგუფში ვიყავით და მეორე ადგილი დავიკავეთ. ახლა ინგლისს ვხვდებით და ეს შესანიშნავია. ან ყველაფერი ან არაფერი! ბევრი კომპონენტია დასახვეწი და თუ ამას გამოვასწორებთ წარმატების მიღწევაზე ვიფიქრებთ. “

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა „სიკვდილის“ ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს პორტუგალიასთან, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო ლიოვის გუნდი მეორე ადგილზე მოგვევლინა.

ცნობისთვის, მერვედფინალში გერმანია ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩი 29 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები