ღირსეული ჟესტი: ბელგია-დანიის მატჩი მე-10 წუთზე შეჩერდება
Aa
Aa

ღირსეული ჟესტი: ბელგია-დანიის მატჩი მე-10 წუთზე შეჩერდება

ბელგიისა და დანიის შეხვედრა მე-10 წუთზე შეწყდება. ფეხბურთელები ბურთს აუტში გადააგდებენ, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვება. ეს ყველაფერი კი კრისტიან ერიკსენის პატივსაცემად იქნება.

ფეხბურთელებმა ამის შესახებ მოილაპარაკეს და რომელუ ლუკაკუმ ინფორმაცია პრესას გაანდო: „ჩვენ ბურთს აუტში გადავაგდებთ, რომ თამაში შევაჩეროთ, შემდეგ კი ტაშს დავუკრავთ“, - ამბობს „ინტერის“ ფორვარდი.

მე-10 წუთი ერიკსენის სათამაშო ნომრისგან გამომდინარე შეირჩა.

დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ კრისტიანი მატჩს უყურებს. სტადიონი ჰოსპიტლის გვერდით არის და ფანჯრიდან გახედვისას მას დაინახავ. ალბათ პარკენიდან (არენის სახელწოდება) გამოსული ხმებიც ისმის.

ეს ერიკსენისთვის გიჟური მდგომარეობაა, მაგრამ ვფიქრობ ის ნაკრების მაისურში იქნება და მატჩს უყურებს“.

ჰოსპიტალი, რომელშიც ერიკსენი იმყოფება, „პარკენ სთეიდიუმიდან“ 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

ერიკსენის მდგომარეობა სტაბილურია - დანიელმა ქომაგებს მიმართა

"მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა თქვენი ლამაზი და საოცარი შეტყობინებებისთვის მთელი მსოფლიოდან. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

ამ გარემოებებში მაქსიმალურად კარგად ვარ. საავადმყოფოში კიდევ მთელი რიგი გამოკვლევები უნდა გავიარო, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ.

ახლა მომდევნო მატჩებში ეროვნული ნაკრებს ვუქომაგებ. მთელი დანიისთვის ითამაშეთ! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“. - დაწერა ერიკსენმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები