რას გადაწყვეტს ჯაბა კანკავა? - ფრანგულმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა
Aa
Aa

რას გადაწყვეტს ჯაბა კანკავა? - ფრანგულმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას მომავალი გაურკვეველია. 35 წლის საყრდენს, რომელიც ''ვალანსიენის'' ღირსებას 2021 წლის იანვრიდან გასული სეზონის ბოლომდე იცავდა, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე თვეში ეწურება.

CrystalSport-ის ცნობით ''რეიმსის'' ექს-ნახევარმცველს ''ვალანსიენმა'' ახალი კონტრაქტის გაფორმების მიზნით უკვე მიმართა, თუმცა კანკავას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

2014-15 წლების ევროპა ლიგის ფინალისტმა ლიგა 2-ის კლუბში მაღალ დონეზე იასპარეზა, ქომაგთა გამოკითხვით ''ვალანსიენის'' თვის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა (თებერვალი, მარტი).

შეგახსენებთ, 2020 წლის მიწურულს ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირს  ''ტობოლთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, რის შემდეგაც ორივემ სწორი არჩევანი გააკეთა. კვეკვესკირი პოზნანის ''ლეხისა'' და ზოგადად პოლონური ექსტრაკლასას ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა, ხოლო კანკავამ ასაკის მიუხედავად ლიგა 2-ში შესანიშნავი თამაში აჩვენა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ჯაბა კანკავას გადაწყვეტილება ''ვალანსიენში'' გადასვლის თაობაზე მეტწილად მთავარი მწვრთნელის, ოლივიე გეგანის ფაქტორმა განაპირობა, რომელიც ქართველს 2015-16 წლების სეზონში ლიგა 1-ის ''რეიმსში'' წვრთნიდა.

48 წლის სპეციალისტი ''ვალანსიენში'' რჩება, მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, რეალურია, რომ კანკავამ ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

2020-21 წლების სეზონის მეორე ნახევარში კანკავამ ''ვალანსიენის'' რიგებში 16 მატჩი ჩაატარა (ლიგა 2 - 14 შეხვედრა, საფრანგეთის თასი - 2 შეხვედრა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები