ლიდსი VS ევერტონი - ხვიჩასთვის ინგლისური კლუბები იბრძვიან
Aa
Aa

ლიდსი VS ევერტონი - ხვიჩასთვის ინგლისური კლუბები იბრძვიან

Sportitalia-ს ჟურნალისტი რუდი გალეტი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საქმესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით 20 წლის ქართველი ტალანტისთვის ბრძოლა ''ლიდსსა'' და ''ევერტონს'' შორის მიმდინარეობს.

6 ივნისს, გადაცემაში ''სპორტი იმედზე'', ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა შემდეგი რამ განაცხადა: ''კვარაცხელია დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მზადაა. წერენ, რომ ხვიჩა ''ლიდსში'' მიდის, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ''ლიდსის'' სპორტულ დირექტორთან საუბარი მქონდა, თუმცა მოლაპარაკება არ გაგრძელებულა''.

ჯუღელის კომენტარის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა. შესაძლოა, ბიელსას გუნდი გააქტიურდა და ''ლიდსთან'' მოლაპარაკება განახლდა.

2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი რვას შეადგენს.

თბილისის ''დინამოს'' აღზრდილს ყაზანის ''რუბინთან'' კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 20-25 მილიონი ევროა.

ჯუღელის ინტერვიუდან კიდევ ერთი რამაა აღსანიშნავი, რომლის მიხედვით ფეხბურთელის გაყიდვა მხოლოდ გრანდში იგეგმება: ''თუ კვარაცხელია ''რუბინიდან'' წავა, მხოლოდ ტოპ კლუბში. ''რუბინში'' დიდი სურვილი აქვთ, რომ ხვიჩა ტოპ კლუბში წავიდეს, ეს მათი სახელიცაა''.

შეგახსენებთ, გასული თვის მიწურულს საფეხბურთო აგენტმა შანდორ ვარგამ რუსულ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი სააგენტო (Base Soccer) ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს. ხვიჩას ტრანსფერზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი კრისტიან ემილია, რომელიც ამავდროულად ლეონიდ სლუცკის აგენტია.

ფოტო: სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები