Aa Aa
12 ივნისი 2021  |  17:27

„გაუმართლებლობა არ არის?" - გაფრინდაშვილი მაკედონიასთან მატჩზე

გასულ საღამოს ევრო 2020-ის გახსნითი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა შენოლ გიუნეშის თურქეთი დამაჯერებლად დაამარცხა (0:3). 

დღეს, საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. გაფრინდაშვილმა გასული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა შეაფასა და ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა.

გაფრინდაშვილი ევრო 2020-სა და ერთა ლიგაზე

„გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობ, ვგულშემატკივრობ ფეხბურთს, მას, ვინც კარგად ითამაშებს და მოიგებს. ფავორიტად საფრანგეთი მიმაჩნია. ყველაზე დაბალანსებული გუნდია, ერთ ადგილზე ორი კანდიდატი ჰყავს. სპორტი კი იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ფეხი ფავორიტსაც დაუცდეს.

ვფიქრობ, რომ მაშინ, ჩრდილოთ მაკედონიასთან მატჩში, სტადიონზე მაყურებლის გარკვეული რაოდენობა მაინც უნდა დაეშვათ. კვარაცხელია პანდემიის გამო გამოგვაკლდა, ჩაკვეტაძე-ტრავმის. ამ ორმა დიდი როლი შეასრულა გადამწყვეტ მომენტამდე რომ მივედით. გაუმართლებლობა არ არის? გახსოვთ შესარჩევში სომხეთთან რა პენალტი დადეს? არადა, ვიგებდით. მაკედონიასთანაც იგივე განმეორდა.

კოლექტიურ თამაშებში კი არა, ინდივიდუალურადაც ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რამ. ჭადრაკი ავიღოთ. არის შემთხვევები, რომ პარტიას იგებ, მაგრამ, ერთ უხეშ შეცდომას დაუშვებ და ერთ სვლაში მარცხდები. ამ დროს მოწინააღმდეგეს უმართლებს“,-უთხრა გაფრინდაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოთ მაკედონიამ (0-1) აჯობა და ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში