8-რაუნდიანი ბრძოლა გამარჯვებულის გარეშე - მეივეზერმა პოლი ვერ დაანოკაუტა
Aa
Aa

8-რაუნდიანი ბრძოლა გამარჯვებულის გარეშე - მეივეზერმა პოლი ვერ დაანოკაუტა

მაიამიში მდებარე „ჰარდ როქ სთედიუმზე“ 5 წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ფლოიდ მეივეზერისა და იუთუბერის, ლოგან პოლის ბრძოლა გაიმართა. ჩხუბი საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ოფიციალური გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან ნოკაუტი არ დაფიქსირებულა და მსაჯების გარეშე ჩატარდა (რინგს გარეთ მყოფ მსაჯებზეა საუბარი, რომლებიც მოკრივეებს ქულებით აფასებენ).

როგორც მოსალოდნელი იყო, „მანი“ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და დომინირებდა. მეივეზერმა მოწინააღმდეგეს 43 დარტყმა მიაყენა და მსაჯები რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვებასაც გაიფორმებდა. პოლმა ფლოიდს მხოლოდ 28 დარტყმა მიაყენა და ფაქტობრივად ყველა გავლენიანმა გამოცემამ ქულებით გამარჯვება „მანის“ მიანიჭა.

„მინდოდა, ხალხისთვის შოუ დამედგა, ლოგანი კი გადასარჩენად იბრძოდა. ფიზიკურ გაბარიტებში უპირატესობა მის მხარეს იყო, თუმცა მას გამოცდილება მხოლოდ ჭიდაობაში ჰქონდა და ჩემი შებოჭვა კარგად გამოსდიოდა.

საფინალო გონგამდე გაძლება ლოგანისთვის გამარჯვების ტოლფასია. იგი უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. პოლი რთული მეტოქე იყო და კარგად გავერთეთ. მან ამ საღამოს ნამდვილად გამაოცა, თუმცა როცა ფული შემოგვივა, მაშინ ვნახავთ ნამდვილი გამარჯვებული ვინაა.

მთელი ბრძოლის განმავლობაში ლოგანის მთავარი მიზანი გადარჩენა გახლდათ. თუ ის ბედნიერია, დაე ასე იყოს. მე კრივის ისტორიაში ყოველთვის ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ვიქნები. დავუბრუნდები თუ არა კრივს? გამორიცხულია! მოკრივის კარიერა დავასრულე და სავარაუდოდ, საჩვენებელ ბრძოლასაც აღარ გავმართავ“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ფლოიდ მეივეზერმა.

„არ მინდა, ოდესმე ვინმესგან მოვისმინო, რომ არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ ახლა აქ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივესთან ერთად ვარ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. ჩემთვის მასთან ერთად რინგზე ყოფნა უდიდესი პატივი იყო და ეს უმაგრესი რამაა, თუმცა მისთვის დარტყმის მიყენება ურთულესი გახლავთ. რა იქნება შემდეგში? არ ვიცი. შესაძლოა, მეივეზერისა და პოლის მატჩრევანში“, - აღნიშნა ლოგან პოლმა.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი 44 წლისაა და პროფესიონალურ დონეზე 2017 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ლოგან პოლს რაც შეეხება, მან სადებიუტო ბრძოლა KSI-ის წინააღმდეგ დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები