„ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯა
Aa
Aa

„ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯა"- სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა სტუმრად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 3-0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციულ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა.

ვილი სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩსა და სექტემბრის სამზადისზე

ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ჩემი აზრით, მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით ჩაერთვებიან და მზად იქნებიან ბოლომდე დაიხარჯონ. ამ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილო ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები უკეთესად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ".

აქამდე, საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს არ შეხვედრიან. ნაკრებების გზა შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში, ოფიციალურ მატჩებში გადაკვეთილიყო. მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდები უკრაინის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ჯგუფშია. ამ ჯგუფში ასპარეზობის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოთ მაკედონიამ (0-1) აჯობა და C ჯგუფში ადგილი წაართვა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩების ციკლი დაასრულა და მომდევნო შეხვედრებს სექტემბერში გამართავს. ჩვენი გუნდი შემოდგომით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს სახლში, კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე შედგება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები