სანიოლის პირველი გამარჯვება - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა!
Aa
Aa

სანიოლის პირველი გამარჯვება - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა!

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად რუმინეთს ეწვია. "ჯვაროსნებმა" ნავსი გატეხეს და ისტორიაში პირველად რუმინეთს მოუგეს. მატჩი 2:1 დასრულდა.

ვილი სანიოლმა მინდორზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გამოიყვანა.

ძირითადი შემადგენლობა: კუპატაძე, ჩაბრაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია(გვილია 80წთ), დაუშვილი, კვეკვესკირი(კიტეიშვილი 57წთ), შენგელია(ლობჟანიძე 57წთ), ოქრიაშვილი(კაშია 66წთ),  მიქაუტაძე(ზივზივაძე 81წთ)

შეხვედრა აქტიურად რუმინელებმა დაიწყეს. ბურთს უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა მეოთხე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა „მაკრატელა“ დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ ბურთს ფეხი ააცილა და სიტუაცია განიმუხტა.

25-ე წუთისთვის მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. რუმინეთი ბურთს ფლობდა, ქართველები კი საკუთარ შანსს ელოდებოდნენ. 28-ე წუთზე „ჯვაროსნების“ კართან სახიფათო მომენტი შეიქმნა და რომ არა ჰაჯის უზუსტობა გოლი გარდაუვალი იყო. ახალგაზრდა შემტევი ხელსაყრელ პოზიციაზე იდგა, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

37-ე წუთზე საქართველოს კართან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. მასპინძლებმა ბურთი ძელს მოარტყეს და დამატებაზე ლაზარე კუპატაძემ საოცარი სირთულის ბურთი მოიგერია და „ჯვაროსნები“ გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

42-ე წუთზე მინდვრიდან ფლორინ ტანასე გააძევეს და რუმინეთი 10 კაცით დარჩა. ტაიმის მიწურულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ. შორიდან გაისროლა დაუშვილმა, თუმცა მასპინძელთა მეკარისთვის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი აქტიურად რუმინელებმა დაიწყეს, თუმცა 50-ე წუთზე მიქაუტაძეს ძალზედ რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთს მგსავსად თორნიკესი, ფეხი ააცილა. ამ მომენტის შემდეგ „ჯვაროსნები“ გააქტიურდნენ და კომბინაციური ფეხბურთით ცდილობდნენ შეტევას.

მე-60 წუთზე კიტეიშვილის აქტიურობის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძე დარჩა და გარე ტერფით მეტოქის კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო.

გოლიდან 2 წუთში საქართველოს კართან მომენტი შეიქმნა. კვერკველიამ მეტოქის თავდამსხმელი საჯარიმოში წააქცია, პენალტი დაინიშნა და „ჩვენებური“ მინდვრიდან გააძევეს. საბედნიეროდ მარინმა თერთმეტმეტრიანი კარს დიდი მანძილით ააცილა.

კვერკველიას გაძევების შემდეგ რუმინეთი გააქტიურდა და ზეწოლა გააძლიერა. სანიოლის გუნდმა თამაში კონტრ-შეტევებზე ააგო. 71-ე წუთზე „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინა და უპირატესობა სოლიდური გახადა. საგოლე გადაცემა ცვლილებაზე გამოსულმა საბა ლობჟანიძემ შეასრულა.

78-ე წუთზე ქართველებს რუმინეთის შეტევა გამოეპარათ. ანდრეი ივანმა უძლიერესი დარტყმით ლაზარე კუპატაძის კარი აიღო. გოლიდან სულ მალე სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები მეორე გაშვებულ გოლს გადარჩა. დროის გასვლასთან ერთად მირელ რადოის შეგირდები სულ უფრო უმატებდნენ.

საბედნიეროდ, მასპინძელთა ზეწოლას შედეგი არ მოჰყოლია და შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "ჯვაროსნები" 6 ივნისს, სტუმრად ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები