სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა - „გაგრა" ლიდერ „სიონს" წამოეწია
დღეს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში „გაგრამ" „რუსთავს" ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა - 3:1.
ნულოვანი პირველი ნახევარის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში 46-ე წუთზე, გურამ სამუშიამ, ივანე ხაბელაშვილის შედეგიანი გადაცემის შემდეგ გახსნა (1-0), 61-ე წუთზე, თორნიკე მუმლაძემ „გაგრას" უპირატესობა ორბურთიანი გახადა (2-0), 74-ე წუთზე „რუსთავმა" ერთი ბურთი პაატა კიტეიშვილის გოლით გაქვითა (2-1), ხოლო შეხვედრის ანგარიშს საბოლოო წერტილი 81-ე წუთზე, ივანე ხაბელაშვილმა დაუსვა, რომელმაც საგოლე გადაცემის შემდეგ თავადაც გაიტანა (3-1).
სატურნირო მდგომარეობა და მომდევნო მატჩები
სატურნირო თვალსაზრისით აღნიშნული გამარჯვება „გაგრასთვის" უმნიშვნელოვანესი იყო, რადგანაც გაგა კირკიტაძის გუნდმა 14 ტურში თავი 30 ქულას მოუყარა და ლიდერ „სიონთან" სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წუთებში, ლიდერი „სიონი" საგარეჯოში, „გარეჯს" ხვდება და პირველი ნახევარის შემდეგ მარცხდება (2-0).
რაც შეეხება „რუსთავს", ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს 14 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, 7 ივნისს, საქართველოს ლიგა 2-ის მე-15 ტურში „გაგრა" „დინამო ზუგდიდს" ესტუმრება, ხოლო „რუსთავი" თბილისის „მერანს" უმასპინძლებს.
ხვალ ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა შედგება:
„მერანი" მარტვილი v „შევარდენი 1906"
„ჩიხურა" v „დინამო" ზუგდიდი
მატჩები პარალელურად, იდენტურ დროს, 16:00 საათიდან დაიწყება.
ფოტო: საფეხბურთო კლუბი „გაგრა"