Aa
Aa

19 წლის შემდეგ მე-19-ედ - სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონია!

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაირკვა. ლისაბონის „სპორტინგმა“ ქვეყნის ჩემპიონატი 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო.

„ლომებმა“ 32-ე ტურის მატჩში „ბოავიშტას“ 1:0 აჯობეს, 82 ქულა მოაგროვეს და მეორეადგილოსან „პორტუსთვის“ მიუწვდომელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონები წინ ჯერაც დაუმარცხებლად მიიწევენ, მათ 25 შეხვედრა მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს. აქამდე ისტორიაში 4 შემთხვევაა, როცა გუნდმა პრიმეირა ლიგა დაუმარცხებლად მოიგო - 1972-73 და 1977-78 წლებში ეს „ბენფიკამ“ გააკეთა, 2010-11 და 2012-13 წლებში კი - „პორტუმ“. „სპორტინგს“ ბოლო ორ ტურში - სტუმრად „ბენფიკასთან“ და შინ „მარიტიმუსთან“ თამაში მოუწევს.

თავის აღმზრდელ კლუბს ჩემპიონობა მიულოცა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც სპეციალური პოსტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„სპორტინგმა“ ქვეყნის პირველობა 2001-02 წლების სეზონის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მე-19-ედ მოიგო. 29-ჯერ ტიტული „პორტუს“ დარჩა, 37 ჩემპიონობით კი რეკორდი „ბენფიკას“ ეკუთვნის.

„ლომების“ ქომაგები გუშინდელი წარმატების შემდეგ ლისაბონის ქუჩებში გავიდნენ და ტრიუმფი აღნიშნეს. მათი საყვარელი გუნდი მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

„სპორტინგის“ ამ წარმატების შემოქმედი, ახალგაზრდა სპეციალისტი - რუბენ ამორიმია, რომელიც გუნდს სათავეში გასული სეზონის ბოლოს ჩაუდგა. 36 წლის ამორიმი პორტუგალიის ნაკრებისა და „ბენფიკას“ ყოფილი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები