Aa
Aa

"პენალტი არ იყო" - Marca-ს სამსაჯო ექსპერტი მილიტაოს ეპიზოდზე

ლა ლიგის 35-ე ტურის მთავარ მატჩში - „რეალსა“ და „სევილიას“ შორის გარდამტეხი მომენტი 78-ე წუთზე დადგა, როცა პენალტი ან ერთ ან მეორე კარში ინიშნებოდა. საბოლოოდ, ხუან მარტინეს მუნუერამ ედერ მილიტაოზე ხელით თამაში დააფიქსირა, რის გამოც „სევილიამ“ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, კარიმ ბენზემაზე დასანიშნი თერთმეტმეტრიანი კი ავტომატურად გაუქმდა.

ეპიზოდს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი თვლის, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მეორე მხარეს კი მიიჩნევენ, რომ მილიტაოს ხელით თამაში პენალტის დასანიშნად საკმარისი არ იყო.

მომენტს მადრიდული Marca-ს სამსაჯო ექსპერტი, ხუან ანდუხარ ოლივერი აფასებს: „მილიტაოს ბურთი ჯერ მხარზე დაეცა, შემდეგ კი მკლავზე, რაც მიუთითებს, რომ საქმე შემთხვევითობასთან გვქონდა. ჩემი აზრით, ეს პენალტის დასანიშნად საკმარისი არ იყო. ბენზემას წინააღმდეგ დარღვევაზე კი ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს“.

ეპიზოდზე ისაუბრა ზინედინ ზიდანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„თუკი მილიტაოს ეს ხელით თამაში პენალტია, მაშინ „სევილიას“ ფეხბურთელმაც ითამაშა საჯარიმოში ხელით და თერთმეტმეტრიანი ჩვენც უნდა დაგვერტყა. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც დამარწმუნებს, რომ მართალი არ ვარ. მსაჯებზე არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ ახლა გაბრაზებული ვარ. საბოლოოდ, შედეგი დაფიქსირებულია და ვითარების შეცვლა შემდეგ მატჩებში უნდა ვცადოთ“.

„რეალს“ გუშინდელ შეხვედრაში დანი კარვახალი აკლდა. ფეხბურთელი პენალტის ეპიზოდს „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა და მსაჯის გადაწყვეტილებას „სასირცხვილო“ უწოდა.

ცხადია, საპირისპირო აზრი აქვს გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ ივან რაკიტიჩს. ხორვატმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ეს პენალტიც გოლად გარდასახა, რის შემდეგაც ლა ლიგამ თამაშის საუკეთესოდ დაასახელა.

„საიდანაც ეპიზოდს ვხედავდი, ჩანდა, რომ აშკარა პენალტი იყო. ყველა ჩვენგანს შეუძლია, ხელით თამაშს საკუთარი ინტერპრეტაცია მისცეს, მაგრამ ცნობილია, რომ როცა ბურთი მხარს ეხება და მიმართულებას იცვლის, პენალტი უნდა დაინიშნოს“.

„რეალისა“ და „სევილიას“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც „სამეფო კლუბი“ ლიდერ „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩება. ზიდანის გუნდი „გრანადასა“ და „ბილბაოს“ გასვლით მატჩებში დაუპირისპირდება, „ვილიარეალს“ კი შინ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები