ექს-ჩემპიონი გავარდა - მაკედონიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გასაჭირშია
Aa
Aa

ექს-ჩემპიონი გავარდა - მაკედონიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გასაჭირშია

ჩრდილოეთ მაკედონიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტილოვანი კლუბი - სკოპიეს „ვარდარი“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. სკოპიელები გასულ სეზონში ჩემპიონები გახდნენ, წელს კი ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ.

ეს მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც გუნდმა ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „შტრუგასთან“ გასვლითი მატჩი 0:1 დათმო. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე „ვარდარი“ დასარჩენ ზონას უკვე 4 ქულით ჩამორჩება.

გავარდნის გაოფიციალურების შემდეგ „ვარდარის“ სკოპიესკენ მიმავალ ავტობუსს გზად გუნდის ყველაზე პრინციპული მეტოქის, „შკენდიას“ გულშემატკივრები დახვდნენ და ცინიკური ბანერი გამოუფინეს: „გილოცავთ მე-2 დივიზიონს“

„ვარდარის“ ასეთ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი სერიოზული ფინანსური პრობლემებია. კლუბს დიდი ვალი აქვს, რაზეც ქალაქ სკოპიეს მერმა, პეტრე შილეგოვმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რომ „ვარდარი“ კერძო კლუბია. ისიც ცნობილია, რომ ახლა მისი გაყიდვა სურთ, მაგრამ ჯერ უნდა მოინახოს გზები, რომლითაც ამჟამინდელი ვალები დაიფარება. ჩვენი ქალაქის მერიას არ შეუძლია, შეინახოს კლუბი, რომელსაც 3.5 მილიონი ევროს ოდენობის ვალები აქვს“.

აღნიშნული ფინანსური პრობლემების გამო „ვარდარის“ შემადგენლობაში ბოლო პერიოდში თინეიჯერი ფეხბურთელები და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ასპარეზობს. ამ ყველაფერმა კი უარყოფითი შედეგები და 74-წლიან ისტორიაში პირველად - მე-2 დივიზიონში გავარდნა გამოიწვია.

„ვარდარში“ 2017-18 წლებში ჯაბა ჯიღაური თამაშობდა. კლუბი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის 11-გზის გამარჯვებულია, 5-ჯერ თასი აქვს მოგებული, 2-ჯერ კი სუპერ თასის ტიტულიც დაისაკუთრა.

კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც წინა სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მომდევნო წლიდან რანგით მეორე ლიგაში თამაში მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები