საფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ემოციები და პირველი შეფასებები მატჩის შემდეგ
Aa
Aa

საფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ემოციები და პირველი შეფასებები მატჩის შემდეგ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის ''დინამომ'' შინ თბილისის ''დინამო'' ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით დაამარცხა. მიმდინარე სეზონში გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ კედლებში პირველი მატჩი გამართა, საოცარ ატმოსფეროში ერთგული ქომაგების მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

საფეხბურთო დაპირისპირების ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ვიხილეთ , ალთუნაშვილი-ფანცულაია-ჯიღაურის აქტიურობა ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა, 28 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი შესანიშნავ საფეხბურთო გარემოში შეაგდო.

პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საგოლე მომენტების რაოდენობაში გამოიხატა. შესვენების შემდეგ ბურთის ფლობის უპირატესობა თითქმის თანაბარი იყო, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

თბილისის ''დინამოს'' მაისურით ჯანო ანანიძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 28 წლის კრეატიული ნახევარმცველი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ხანგრძლივი უთამაშებლობიდან გამომდინარე ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

მასპინძლებისთვის ბათუმის ახალ სტადიონზე საფეხბურთო ზეიმი შედგა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი დამარცხებულია, თუმცა წინ კიდევ 24 ტურია, ბრძოლა გრძელდება.

ნემსაძის გუნდმა 3-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 25 ქულით ბათუმის დინამოსთან ერთად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ თბილისურმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში რიგით მეათასე საიუბილეო მატჩი ჩაატარა, ეს საფეხბურთო საღამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის წარუმატებელი გამოდგა.

''ბათუმი არენაზე'' ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოეწყო, რაც ფეხბურთელებს შესაძლებლობების გამოვლენის იდეალურ საშუალებას აძლევს. ამ და სხვა თემებზე მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის ''დინამო'' სტუმრად ''სამტრედიას'' დაუპირისპირდება, თბილისის ''დინამო'' კი თბილისურ დერბიში ''საბურთალოს'' ''მიხეილ მესხზე'' შეხვდება. აღნიშნული თამაშები 12 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები