11, 7, 7 - შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება ფენერბაჰჩესთან
Aa
Aa

11, 7, 7 - შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება ფენერბაჰჩესთან

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის პლეიოფის ეტაპზე მორიგი შეხვედრა გამართა და „ფენერბაჰჩე“ მეორე დაპირისპირებაშიც დაამარცხა.

„არმიელებმა“ პირველი მეოთხედი 2 ქულით წააგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში 27 ქულა ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თურქულმა კლუბმა მესამე მეოთხედი 13-10 მოიგო, მაგრამ ცსკა-ს ქომაგებს მაინც არ უნერვიულიათ და ბრწყინვალე მეოთხე პერიოდის შემდეგ, მათმა გუნდმა 78-67 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 32 წუთ-ნახევარზე ოდნავ მეტი გაატარა. თოკო თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 11 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შენგელიამ 8-დან 5 ორიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. როგორც ქულების, ისე სარგებლიანობის კოეფიციენტის მხრივ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის გუნდში მხოლოდ დენიელ ჰეკეტს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 14 ქულა მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26 გახლდათ, თოკოსი - 22.

ცნობისთვის, ცსკა-ს მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება და „არმიელები“ „ფენერთან“ მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები