''სუპერვარსკვლავი არ ვარ'' - ვრცელი ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
Aa
Aa

''სუპერვარსკვლავი არ ვარ'' - ვრცელი ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

ყაზანის ''რუბინის'' ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Sport Business Gazeta-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან არაერთ თემაზე ისაუბრა და ინტერვიუს ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ.

ფეხბურთელმა კარიერის საწყის ეტაპზე თბილისის ''დინამო'' დატოვა და ''რუსთავში'' გადავიდა. რა იყო ამის მიზეზი? კვარაცხელია სათამაშო პრაქტიკას ასახელებს: ''მამუკა ჯუღელმა შექმნა ეს გუნდი, მან მითხრა, რომ იქ მეტი პერსპექტივა იყო, მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. გადავწყვიტე, რომ ''დინამოსთან'' ერთად ვარჯიშს ''რუსთავში'' თამაში სჯობდა''.

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბავშვობიდან მადრიდის ''რეალში'' თამაშზე ოცნებობ: ''ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ოცნება მადრიდის ''რეალში'' თამაშია, მაგრამ ვოცნებობ ჩემს კარიერაში ჩემპიონთა ლიგის მოგებული თასები ჩემი ტრანსფერების რაოდენობას აჭარბებდეს''.

20 წლის ტალანტმა მის შესაძლო ტრანსფერზე დასმულს კითხვას ასე უპასუხა: ''ვფიქრობ მხოლოდ იმაზე თუ რა იქნება ახლო მომავალში. ვგულისხმობ, ''რუბინის'' უახლოეს მატჩებს. ზოგჯერ თანაგუნდელები ამ თემაზე გასახდელში მესაუბრებიან, თუმცა მათ ყურადღებას არ ვაქცევ, განგებ არ ვუყურებ''.

ხვიჩა კვარაცხელია ''რუბინში'' ყოფნის იმ პერიოდს იხსენებს, როცა მის გუნდში ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი ირიცხებოდნენ: ''თავდაპირველად მე და ზურიკო ერთად ვიყავით, მაგრამ შემდეგ ის წავიდა და მარტო დავრჩი. აქედან გამომდინარე, ახლა რუსულად უფრო ხშირად ვსაუბრობ. ჩვენთან ასევე იყო ნიკა ყიფიანი, რომელიც თარგმანში გვეხმარებოდა. სხვათაშორის, რუსული ენის სწავლასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მაქვს. რუსულის მასწავლებელი მოვიდა და პირველმა გაკვეთილმა შესანიშნავად ჩაიარა, თუმცა მეორე გაკვეთილზე, როცა გრამატიკას მიხსნიდა, მივხვდით, რომ საკმაოდ რთული იყო. მას შემდეგ გაკვეთილი აღარ ჩამტარებია.

ახლა საქართველოში თინეიჯერები ინგლისურად საუბრობენ, რუსული უფროსმა თაობამ იცის. სკოლაში რუსულის და ინგლისურის სწავლა მესამე კლასიდან იწყება. მეცხრე კლასამდე სკოლაში დავდიოდი, თუმცა შემდეგ როცა პირველ გუნდში დამაწინაურეს, ვარჯიშები დილით გვიტარდებოდა და სკოლაში სიარულს ვეღარ ვახერხებდი''.

კითხვაზე როგორი დამოკიდებულება აქვთ ხვიჩას თაობის ქართველებს რუსეთის მიმართ, ქართველი ფეხბურთელის პასუხი ასეთია: ''ეს პოლიტიკური საკითხია, არ მსურს ამ თემაზე საუბარი''.

ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' ექს-ფეხბურთელის, ლაშა სალუქვაძის შესახებ ისაუბრა, რომელთან ერთადაც თბილისის ''დინამოში'' თამაშობდა: ''დინამოში'' ერთად ვიყავით, მე კარიერას ვიწყებდი, ის კი - ასრულებდა. ''რუბინში'' გადასვლისას ვესაუბრე და მითხრა, რომ ყაზანი მშვენიერი ქალაქი იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ საფეხბურთო მხარე იყო, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ''რუბინში'' გადასვლისას სოლომონ კვერკველიასაც ვესაუბრე, რომელიც წარსულში ''რუბინში'' თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო იყო გასული, მითხრა რომ კარგ გუნდში მივდიოდი და ეს ჩემი კარიერისთვის კარგის მომტანი იქნებოდა''.

კითხვაზე თუ ვინ არის საქართველოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, კვარაცხელიას პასუხი ასეთია: ''ვფიქრობ, ეს კახა კალაძეა, ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. შემტევი სტილის ფეხბურთელებიდან გიორგი ქინქლაძეს გამოვყოფ, რომელსაც ისეთივე ტალანტი ჰქონდა, როგორც ლეო მესის, მაგრამ ნიჭის რეალიზება ვერ შეძლო. მას ოქროს ბურთის მოგება შეეძლო. ვინ შეიძლება იყოს მესამე? ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია. რთულია არჩევანის გაკეთება''.

კითხვაზე ვინ არის ხვიჩას ფავორიტი ქართველი მოთამაშე, მისი პასუხი ასეთია: ''მომწონს ქინქლაძის თამაში, მაგრამ ყველაზე წარმატებული კალაძე გახდა. ასაკიდან გამომდინარე ქინქლაძის თამაშები არ მინახავს, თუმცა ახლა არის ამის საშუალება. ის ძალიან დიდი ტალანტი იყო, საქართველოში მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ იცის''.

''მე კვლავ ვაგრძელებ ცხოვრებას კლუბის ბაზაზე. ვფიქრობ, პროფესიული კუთხით სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ზოგჯერ შეგიძლია თავს განტვირთვის საშუალება მისცე, მეგობრებთან ერთად კალათბურთის ან ჰოკეის მატჩზე წახვიდე. ყაზანში გუნდის გარეთ განსაკუთრებული კომუნიკაცია არავისთან მაქვს. ერთხელ, როცა თარჯიმანი ზაზა ჩვენთან ერთად იყო, ყაზანის ერთ-ერთ რესტორანში წავედით.

ჰოკეის მატჩზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, თუმცა პირველი პერიოდის შემდეგ შეხვედრა დავტოვე. ''რუბინი'' 3:0-ს იგებდა და ეს არ იყო საინტერესო მატჩი, თუმცა ჩემს ბევრ თანაგუნდელს სპორტის ეს სახეობა მოსწონს.

საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია, თუმცა რაგბის და კალათბურთის ქომაგებიც მრავლად არიან. ასევე, დიდი ინტერესია ჩოგბურთის მიმართ''.

ერთ-ერთი კითხვა იმ აღიარებას ეხებოდა, როცა ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა, თუმცა თვლის, რომ საქართველოში სუპერვარსკვლავი არაა: ''არა, ასე არაა, ხოლო წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება კარგია, მაგრამ მე ჯერ კიდევ სამუშაო მაქვს. აღიარებას ყურადღებას არ ვაქცევ. საქართველოში ქუჩაში მცნობენ, ჩემთან ერთად იღებენ ფოტოებს და მთხოვენ ავტოგრაფებს. ასევე, ბევრი მათგანი უყურებს ''რუბინის'' მატჩებს''.

ხვიჩა კვარაცხელიამ მუსიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით საქართველოში პოპულარულია რეპერი L'One და ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სიმღერებს ხშირად უსმენს.

''ქართველი ვარ და ყოველთვის საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ''

''სიომინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისგან ბევრი ვისწავლე როგორც მინდორზე, ასევე მინდორს მიღმა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და მაძლევდა რჩევებს თუ როგორ უნდა გავმხდარიყავი უფრო გუნდური მოთამაშე.

ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს, რომან შარონოვი თვლიდა, რომ სასტარტოში თამაშისთვის მზად არ ვიყავი. როცა სლუცკი მოვიდა, მან შანსი მომცა და ეს ჩემთვის დიდი უპირატესობა იყო. სლუცკის გუნდში მოსვლამდე ბედნიერი არ ვიყავი. ვარჯიშებზე 100 პროცენტით ვიხარჯებოდი, მაგრამ შარონოვი არ მათამაშებდა. სლუცკის მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

სლუცკი ფეხბურთელებთან ძალიან მეგობრულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შარონოვის მწვრთნელობისას ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის დიდი დისტანცია იყო. შარონოვსა და სლუცკის შორის ის განსხვავება იყო, რომ შარონოვი უფრო მეტად ტაქტიკას ანიჭებდა უპირატესობას, სლუცკისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი ბურთით თამაშია''.

ჟურნალისტის შემდეგი კითხვა ასეთი იყო: ''წარმოიდგინე, სლუცკი გახდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რუსეთის ნაკრებში მიგიწვია. რას უპასუხობ?'' ამ კითხვაზე ხვიჩას პასუხი ასეთია:''მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ყოველთვის ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებ. შესაძლო, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ნაკლები შანსი მაქვს, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. გიგზი უელსის ნაკრებში თამაშობდა და დიდ ფორუმზე ვერ ითამაშა, თუმცა ბეილის დროს უელსი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ყველას თავისი გზა აქვს''.

მესი თუ რონალდუ?

''მესი ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ის ნომერ პირველი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც ათლეტი, საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა. მათი შედარება არასწორია, რადგან ორივე უმაღლესი დონის მოთამაშეა განსხვავებული მიმართულებებით. მე უპირატესობას რონალდუს ვანიჭებ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები