Aa
Aa

„ესაა ფეხბურთი“ - სამოყვარულო კლუბი საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ევროპულ ფეხბურთში „სუპერ ლიგასთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების პარალელურად, საფრანგეთში სენსაცია მოხდა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე სამოყვარულო კლუბმა, „გფა რუმილი-ვალიერმა“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „ტულუზას“ 2-0 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ორივე გოლი სტანდარტულებიდან შეიქმნა. პირველ შემთხვევაში „გფა რუმილი-ვალიერის“ კაპიტნის, ალექსი პეჟეს მიერ ჩაწოდებული ბურთით მატიე გილიარმა ისარგებლა, მეორე ნახევარში კი პეჟეს მორიგ ჩაწოდებას გილიარის დარტყმა და ენტონ რუას ავტოგოლი მოჰყვა.

საინტერესოა, რომ „გფა რუმილი-ვალიერის“ რიგებში მხოლოდ 5 ფეხბურთელია ისეთი, რომლებსაც კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი აკავშირებთ. დანარჩენები მოყვარულები არიან და ფეხბურთის თამაშის გარდა, სხვა საქმიანობასაც მისდევენ. სხვათა შორის, პეჟე და გილიარი პროფესიონალური ხელშეკრულების მქონე მოთამაშეთა სიაში შედიან და ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებთ. პეჟეს „სტრასბურგსა“ და „რეიმსში“ უთამაშია და „გფა რუმილი-ვალიერში“ იმიტომ გადავიდა, რომ მეგობარ გოგონასთან ახლოს ყოფილიყო, გილიარი კი 2011 წელს, „შამბერთან“ ერთად, საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მოხდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდოდით და ამის ახლაც არ მჯერა. ამაყი და ბედნიერი ვარ და ალბათ, მომდევნო დღეებში ბოლომდე გავითავისებთ, რას მივაღწიეთ. საოცრებაა სამოყვარულო გუნდი ამ დიად კლუბებთან ერთად, ნახევარფინალში რომ იმყოფება. ჩემმა ფეხბურთელებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მატჩს ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან სამოყვარულო ჩემპიონატი შეჩერებულია. ფინალამდე 90 წუთი გვაშორებს და ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს სიამოვნებთ, სავარჯიშო პროცესი რომ გრძელდება“, - განაცხადა „გფა რუმილი-ვალიერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფატსახ ამგარმა, რომელიც „ტულუზასთან“ გამარჯვების შემთხვევაში თავის ფეხბურთელებს McDonalds-ში წაყვანას დაჰპირდა.

საფრანგეთის თასზე მომხდარი სენსაციის შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L'Équipe-მა პირველ გვერდზე „გფა რუმილი-ვალიერის“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საკმაოდ დიდი წარწერა დაურთო: „ესაა ფეხბურთი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები