Aa Aa
19 აპრილი 2021  |  14:07

"იმედი მაქვს არასდროს შეიქმნება" - რას ამბობდა კლოპი სუპერ ლიგაზე 2019 წელს

ევროპის სუპერ ლიგის შექმნამ საფეხბურთო დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. ახალ ტურნირს უკვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

რა თქვა კლოპმა

ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა სუპერ ლიგის იდეა ჩამოყალიბების პროცესში იყო, იურგენ კლოპმა ამ თემასთან დაკავშირებით გერმანულ Kicker-ს თავისი მოსაზრება გაუზიარა:

„იმედი მაქვს სუპერ ლიგა არასდროს შეიქმნება. ამჟამად ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა შესანიშნავი პროდუქტია და ყველაფერი კარგად მიდის.

ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა იგივე სუპერ ლიგაა, რომლის ბოლოში ყოველთვის სხვადასხვა გუნდს ხვდები. რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით სუპერ ლიგის შექმნა მომგებიანია, მაგრამ რატომ უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც „რეალი“ და „ლივერპული“ ერთმანეთს 10 წელი გადაბმულად ხვდებიან.

ვის სურს ყოველწლიურად ამის ნახვა?"

სუპერ ლიგა - მეტი ამ თემის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ვიცით ისიც, რომ „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.

„კლუბები ასპარეზობას აგვისტოდან დაიწყებენ და ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდებიან. ჯგუფების პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები 1/4 ფინალში ავტომატურად მოხვდებიან, მეოთხე-მეხუთე ადგილოსნები კი ორრაუნდიანი პლეი-ოფის გზით, კიდევ ორ მეოთხედფინალისტს გამოავლენენ. ასევე ორრაუნდიანი იქნება 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური ეტაპები, ხოლო ფინალი ერთმატჩიანია და ყოველი წლის მაისის ბოლოს, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში