„ქართველი ფენომენი და იარაღი მომდევნო მატჩებისთვის“ - ბელგიაში მიქაუტაძეს აქებენ
Aa
Aa

„ქართველი ფენომენი და იარაღი მომდევნო მატჩებისთვის“ - ბელგიაში მიქაუტაძეს აქებენ

გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ გასულ უქმეებზე „დაინცე“ დაამარცხა და ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში მეორე ადგილი გაინაღდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად ჟუპილერ ლიგაში აღზევების შანსი აქვს და ამისთვის პლეიოფში სასურველი შედეგის მიღწევა სჭირდება.

„სერენის“ გამარჯვების შემდეგ, ბელგიურმა ვებგვერდმა, Sporza.be-მ კლუბის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და მასში „სერენის“ მიერ გავლილ გზაზე და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. სტატიის ავტორი გიორგი მიქაუტაძის თამაშსაც შეეხო და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეაქო.

„სერენის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი უდავოდ ქართველი ფენომენი, გიორგი მიქაუტაძეა. თავდამსხმელს, რომელიც სერენმა მეცისგან ინათხოვრა, შესანიშნავი სტარტი ჰქონდა და საწყის 9 შეხვედრაში 15 გოლი შეაგდო. ამის შემდეგ, მიქაუტაძემ ცოტათი მოუკლო, მაგრამ 20 წლის ფორვარდი, რომელიც სერენის საუკეთესო ბომბარდირია, პლეიოფის მატჩებში კლუბის იარაღი ნამდვილად იქნება“, - წერს Sporza.be.

შეგახსენებთ, რომ „სერენს“ 48 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 17 აპრილს გამართავს. მიქაუტაძის გუნდი საკუთარ კედლებში „ლიერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები