გამარჯვება 19 წლის შემდეგ - სამგურალმა ლოკომოტივს 5-გოლიან მატჩში სენსაციურად მოუგო
Aa
Aa

გამარჯვება 19 წლის შემდეგ - სამგურალმა ლოკომოტივს 5-გოლიან მატჩში სენსაციურად მოუგო

"Crystalbet ეროვნული ლიგის" მე-7 ტურში, თბილისის "ლოკომოტივმა" წყალტუბოს "სამგურალთან" უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 წააგო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდებმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი შექმნეს.

წყალტუბოელები საწყის 15 წუთში ორი ბურთით დაწინაურდნენ. ანგარიში სერგო კუხიანიძემ გახსნა, რასაც მისივე პასის შემდეგ შალვა ბურჯანაძის გოლი მოჰყვა. მე-20 წუთზე, მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს - გურამ კაშიამ თავური დარტყმით შეაგდო - 1:2. გამოცდილმა მცველმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა.

27-ე წუთზე, გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც "სამგურალის" კაპიტანმა, პაპუნა ფონიავამ ისარგებლა და იმერლები წინ ისევ 2 ბურთით გაიყვანა. 

ტაიმის ბოლოს კი თორნიკე კირკიტაძემ ეფეტური გოლი მიითვალა, როცა მეკარის მოგერიებულს ქუსლით, რთული ვითარებიდან დაამატა. "ლოკოს" შემტევმა ზლატანის სტილში გაიტანა, მაგრამ მისი გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა და თბილისელებს ქულის ასაღებადაც არ ეყოთ - 2:3.

წყალტუბოს "სამგურალმა" "Crystalbet ეროვნული ლიგაში" 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი მოიგეს. იმერლები უმაღლეს დივიზიონში ბოლოს 2001-2002 წლებში ასპარეზობდნენ.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა 7 ტურში 6 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილოსან "საბურთალოს" 1 ქულამდე მიუახლოვდა. მეორე მხრივ, ბოლოადგილოსან "სამტრედიასთან" დაშორება მხოლოდ 2 ქულაა. რაც შეეხება "ლოკომოტივს", 11 ქულით მე-4 ადგილზეა.

წყალტუბოელები მომდევნო მატჩს, 11 აპრილს, ბათუმის "დინამოსთან", სტუმრად გამართავენ, "ლოკო" კი ასევე გასვლაზე, ქუთასის "ტორპედოს" დაუპირისპირდება - თამაში 10 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები