წიგნის პრეზენტაცია - სოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
Aa
Aa

წიგნის პრეზენტაცია - სოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის (ჰელსინკი, 1952 წელი) დავით ციმაკურიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.

წიგნი გამოიცა სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონის შვილიშვილის დავით ციმაკურიძის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. წიგნის ავტორია ცნობილი სპორტის მოღვაწე აწ გარდაცვლილი ზურაბ ჯავახაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები, დავით ციმაკურიძის ოჯახის წევრები და ახლობლები.

დღესვე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დამტკიცდა 2021-2024 წლებში სეოკ-ის სესიებსა და აღმასკომის სხდომებზე განსახილველი საკითხების, ჩასატარებელი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების გეგმა. ასევე დამტკიცდა სეოკ-ის 2021 წლის ბიუჯეტი.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ისაუბრა 2025 წელს ბაკურიანში გასამართ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომი ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არ მოაკლებს ძალისხმევას, რათა ევროპული ოლიმპიური ოჯახის წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულდეს მაღალ დონეზე. ამასთან, სეოკ-ის აღმასკომი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მზადების მიმდინარეობის ტემპი არასაკმარისია. სეოკ-ის აღმასკომს მიზანშეწონილად მიაჩნია უახლოეს პერიოდში ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით სამთავრობო დონეზე სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (2022 წლის თებერვალი) და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში (2021 წლის დეკემბერი) მონაწილეობისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ. სეოკ-ის აღმასკომი მიესალმება ფედერაციის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, რათა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო წარმოდგენილი იქნება სრული გუნდით (ოთხივე დისციპლინა), ასევე, სპორტსმენებისა და მწვრთნელების მაღალ შედეგებზე ორიენტირებულ განწყობას. აღმასკომი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით გადაუდებლად აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ მიმართულებით 2025 წელს საქართველოში (ბაკურიანი) გასამართ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიოს თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა ოლიმპიადისთვის მზადებასთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე, ასევე ტოკიო-2020-ის რეგულაციების შესახებ.

კოვიდ-19-ის ფაქტორის გათვალისწინებით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის მზადების სამედიცინო, სამეცნიერო-მეთოდური და კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებთან ადაპტაციის უზრუნველყოფის შესახებ სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა. მიღებული იქნა ცნობად, რომ მიმდინარე წლის 26 იანვარს სეოკ-მა წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რათა პირველ ეტაპზე გაითვალისწინონ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მზადების ციკლში ჩართული პირების ვაქცინირება.

საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, სეოკ-ი მოუწოდებს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს მონაწილეობა მიიღონ ვაქცინირებაში.

აღმასკომი იმედოვნებს, რომ სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავებს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებთან.

სეოკ-ის აღმასკომს ოლიმპიური მარკეტინგის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.

აღმასრულებელ კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა სეოკ-ის კომისიათა შემადგენლობა. მიღებული იქნა ცნობად, რომ კომისიათა სხდომები ჩატარდება წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც. მიზანშეწონილად ჩაითვალა მიმდინარე ოლიმპიური ციკლის პერიოდში სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე კომისიათა მუშაობის თაობაზე ინფორმაციების მოსმენა.

დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის დიპლომით და მედლით დააჯილდოვა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი დავით ჭელიძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები