Aa Aa
4 მარტი 2021  |  22:16

"უნდა შევგუებოდი" - ბენზემას ცხოვრება რონალდუს წასვლის შემდეგ

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალი" დატოვა, კარიმ ბენზემამ უფრო მეტი გოლის გაიტანა დაიწყო, ვიდრე პორტუგალიელის წასვლამდე გაჰქონდა. მიუხედავად ამისა, ფრანგი თავდამსხმელი რონალდუსთან ერთად თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა.

კარიმმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია კრიშტიანუსთან ერთად და მის გარეშე თამაში. ბენზემა იმასაც ამბობს, რომ პორტუგალიელმა მას სათამაშო სტილის შეცვლა აიძულა. "ის ყოველ წელს 50 გოლს იტანდა" - ამბობს ფრანგი შემტევი.

რონალდუმ "სამეფო კლუბში" 2009 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ითამაშა. შემდეგ კი კარიერის გაგრძელება ტურინის "იუვენტუსში" გადაწყვიტა.

ბენზემას თამაში და ის სამუშაო, რასაც კარიმი აკეთებდა ხშირად ჩრდილში რჩებოდა, თუმცა მის მოღვაწეობას თანაგუნდელები ყოველთვის აფასებდნენ და ღიად აქებდნენ.

რა თქვა ბენზემამ

"კრიშტიანუს წასვლამ შესაძლებლობა მომცა, რომ ახალი როლი მომერგო. ის ყოველ წელს 50 გოლს იტანდა და ამას უნდა შევგუებოდი. კრისი მსოფლიოში საუკეთესოა და მე ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად თამაშით."

რამდენი გოლი გაიტანა რონალდუმ მადრიდის "რეალში"

პირველ სეზონში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეტოქეების კარი 33-ჯერ აიღო. შემდეგ 8 სეზონში მან მინიმუმ 40 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტი კი 2014/2015 წლებში - 61. კრიშტიანუმ "ბლანკოსთან" ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა და ორი ლა ლიგა მოიგო. საერთო ჯამში 36 წლის შემტევმა 438 მატჩი ჩაატარა და 450 გოლი გაიტანა.

ბენზემას რეკორდი მადრიდის "რეალში"

კარიმი "სამეფო კლუბში" რონალდუსთან ერთად მივიდა. ძირითადად მას თითო სეზონში 20 გოლი გააქვს. კრიშტიანუს წასვლის შემდეგ ფრანგმა 129 მატჩში 74 გოლი გაიტანა. ბენზემას ახლა "რეალის" მეტოქეების კარი 266-ჯერ აქვს დალაშქრული და "ბლანკოსის" ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზე იმყოფება. კარიმი ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც უგო სანჩესი და ფერენც პუშკაში იყვნენ.

"რეალის" ამჟამინდელი მდგომარეობა და მიზნები

ზინედინ ზიდანის გუნდი ლა ლიგის ტუტულის დაცვისთვის იბრძვის, რომელიც გასულ სეზონში მოიპოვა. ევროპულ სარბიელზე კი მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში სტუმრად "ატალანტა" 1:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

ლა ლიგის მომავალ ტურში "რეალი" "ატლეტიკოს" შეხვდება და კარიმ ბენზემას თამაში საეჭვოა. ფრანგ თავდამსხმელს ტრავმა აქვს, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოირჩინა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში