Aa
Aa

„გვინდა საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე დავრჩეთ" - პირლო სპეციასთან მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბიანკონერის“ თავკაცმა ინტერვიუ Sky Sport Italia-ს მისცა და საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენებ ფეხბურთსა და „ბებერი ქალბატონის“ საჩემპიონო შანსებს შეეხო.

„მატჩი ნელ ტემპში დავიწყეთ, რაც ფიზიკური გადაღლილობის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ფსიქოლოგიური პრობლემების. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ერთი და იმავე ფეხბურთელებს ბევრი შეხვედრის ჩატარება უწევთ.

შეხვედრის სტარტზე, ვცდილობდით, თამაში გაგვეკონტროლებინა, დასვენებული მოთამაშეების შემოსვლის შემდეგ კი უფრო მწვავედ შევუტიეთ და შანსები გამოვიყენეთ. იუვენტუსი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ბოლო პერიოდში იმდენ ცვლილებას ვერ ვაკეთებ, რამდენიც მინდა.

ინტერს რაც შეეხება, ვიცით, რომ ნერაძურისთან არსებული სხვაობის აღმოფხვრა გრძელი პროცესი იქნება. ინტერი უკვე 2 წელია ამ შემადგენლობით თამაშობს და შესანიშნავი მიდგომა აქვს, ჩვენ კი მუშაობა მიმდინარე სეზონში დავიწყეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე დავრჩეთ“.

„იუვენტუსმა“ „სპეცია“ მორატას, კიეზასა და რონალდუს გოლებით 3-0 დაამარცხა. „ბებერ ქალბატონს“ 49 ქულა დაუგროვდა და „ინტერს“ 7, ხოლო „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები