კიტეიშვილი ტრავმირებულია - შვედეთთან და ესპანეთთან თამაში ძალიან საეჭვოა
Aa
Aa

კიტეიშვილი ტრავმირებულია - შვედეთთან და ესპანეთთან თამაში ძალიან საეჭვოა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა, კვლავ ტრავმირებულია. ბუნდესლიგის მე-18 ტურში ''ვოლფსბერგერთან'' შეხვედრაში ''შტურმის'' ქართველმა ლიდერმა სასტარტოში ითამაშა, თუმცა ტრავმის გამო 66-ე წუთზე შეცვალეს.

გრაცული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 24 წლის ნახევარმცველი რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ამ ეტაპზე სრულყოფილი გამოკვლევა არ ჩატარებულა, თუმცა პირველადი ვერსიით ''შტურმს'' უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

დიდი ალბათობით შვედეთთან და ესპანეთთან მატჩებში კიტეიშვილი თამაშს ვერ შეძლებს. როგორც მინიმუმ, ოპტიმალური ფორმისგან შორს იქნება. მოგეხსენებათ, სანიოლის გუნდი მუნდიალის შესარჩევ ციკლში 25 მარტს სტუმრად შვედეთს შეხვდება, 28 მარტს კი ესპანეთს უმასპინძლებს.

ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

''შტურმთან'' შეხვედრაში ''ვოლფსბერგერის'' სასტარტოში გურამ გიორბელიძემ ითამაშა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ლუკა ლოჩოშვილი სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ''ტოტენჰემთან'' მძიმე მატჩის შემდეგ ქართველი ცენტრალური მცველი დაასვენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები