Aa
Aa

მატჩის შემდეგ - სევილია - დორტმუნდი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის სათამაშო მეორე დღეს "სევილიამ" "დორტმუნდის ბორუსიას" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე ესპანელმა სუსომ გახსნა. ამის შემდეგ გერმანელები პირველ ტაიმში გააქტიურდნენ და ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს. დუბლით გამოირჩა ერლინგ ჰოლანდი, ხოლო ერთი ბურთი დაჰუდმა შეაგდო. მატჩის მიწურულს ანდალუსიელებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. თავი ლუკ დე იონგმა გამოიჩინა.

ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე 13 ჩატარებულ მატჩში 18 გოლი დაუგროვდა. ამ შედეგით ახალგაზრდა თავდამსხმელი ხსენებულ გათამაშებაში ნორვეგიელ ფეხბურთელებს შორის მე-2 ადგილს იკავებს და 1 გოლით ჩამორჩება ოლე გუნარ სულშერს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - "დორტმუნდელთა" რიგებში ძირითად შემადგენლობაში ჯუდ ბელინგემი გამოჩნდა, რომელიც 17 წლისა და 233 დღის გახლავთ. ინგლისელი ნახევარმცველი "ბორუსიას" რიგებში პლეი ოფის სტადიაზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ჰოლანდი მატჩის შემდეგ

"არ ვიცი ამის თქმა შეიძლება თუ არა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ დღეს ჩვენ გაცილებით მოტივირებულები ვიყავით და გამარჯვება დავიმსახურეთ. მოგება კარგი იყო, მაგრამ 2 გოლის გაშვება არასასიამოვნოა, თუმცა ჩვენ 3 გავიტანეთ და გერმანიში გამარჯვებულები ვბრუნდებით.

ჩვენ კარგი გეგმა გვქონდა. ტერზიჩი მატჩის წინ დიდ ხანს გვესაუბრა და ყველაფერი ნათლად აგვიხსნა. მან მითხრა, რომ დღეს ჩემი თამაში იქნებოდა და ბევრი შანსი მექნებოდა. მიხარია, რომ მისი იმედები გავამართლე. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

ახლა სწრაფად უნდა მოვეგოთ გონს, რადგან ბუნდესლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გველის. პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და წარმატებას მივაღწიოთ. ესპანეთში გამარჯვება სასიამოვნო შეგრძნებაა."

ლოპეტეგი მატჩის შემდეგ

შედეგი პოზიტიური არ არის. წაგება სახლში "დორტმუნდთან" ვერასდროს იქნება კარგი, მაგრამ წინ კიდევ ერთი მატჩია და სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

გერმანაიში ამბიციებით და იმედებით ჩავალთ. წაგება არ დაგვიმსახურებია, მაგრამ მათ ჰყავთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც განსხვავებას ქმნის. მატჩის შედეგი გადაჭარბებული იყო.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ჩემმა გუნდმა მატჩში გარდატეხა შეიტანა და ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო. ეს წაგება უნდა დავივიწყოთ და რაც შეიძლება მალე მოვეგოთ გონს. წინ განმეორებითი შეხვედრაა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."

ტერზიჩი მატჩის შემდეგ

"მიმდინარე სეზონში "დორტმუნდისთვის" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. ნათამაშები ფეხბურთით და მიღებული შედეგით ბედნიერები ვართ. ჩვენთვის ბოლო რამდენიმე კვირა ადვილი არ იყო. ეს ყველაფერი კი ჩვენს ხასიათს აჩვენებს. დღეს ბრწყინვალედ ვითამაშეთ და გამორჩეული ერლინგ ჰოლანდი იყო. ის ნამდვილად დიდი ფეხბურთელია."

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა "დორტმუნდსა" და "სევილიას" შორის 10 მარტს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები