Aa
Aa

„იმედგაცრუებული არ ვარ, მაგრამ" - ხაბიბმა კონორისა და პორიეს ჩხუბსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დასტინ პორიეს მიერ კონორ მაკგრეგორთან მოპოვებული გამარჯვება შეაფასა. „არწივი“ Матч ТВ-ს ესაუბრა და განაცხადა:

„ვერ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ რაღაც ზებუნებრივი ნამდვილად არ მინახავს. პორიესთან მიჩხუბია და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, მაკგრეგორზეც იმავეს თქმა შემიძლია.

ჩემი აზრით, დასტინი ჩემპიონობას იმსახურებს. უბრალოდ პორიეს ყოფილ მეტოქეებს გადახედეთ. საუბარი ჯიმ მილერზე, ედი ალვარესზე, ენტონი პეტისზე, მაქს ჰოლოუეიზე, ჩემზე და კონორზე მაქვს. ჩამოთვლილთაგან ყველა უმაღლესი დონის მებრძოლია და იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ისინი მომავალში UFC-ის დიდების დარბაზის წევრები გახდებიან. ასე რომ, ვფიქრობ, დასტინი საჩემპიონო ქამრის ღირსი ნამდვილადაა“.

ხაბიბი სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა: „ამ ეტაპზე ჩემს პროექტებზე ვარ კონცენტრირებული. მებრძოლის კარიერას რაც შეეხება, არ მინდა, დეტალები გავასაჯაროვო. დეინა უაითს უკვე ვესაუბრე და მგონია, რომ იგი ჟურნალისტებს გაუმხელს იმ შეტყობინებებს, რომლებიც ერთი კვირის წინ გავუგზავნე.

დეინას ვუთხარი, რა მინდა, რომ მოხდეს, როგორც ჩემთან, ისე მსუბუქ წონით დივიზიონთან მიმართებით. მეორე მხრივ, UFC-ში წინასწარ იციან მოვლენები როგორ განვითარდება და საჩემპიონო ქამრისთვის რომელი მებრძოლები იჩხუბებენ, თუმცა უაითმა დამიდასტურა, რომ თებერვალში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. მან კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები