ჰუფნაგელმა გერმანიაში შეაგდო: პირველი გოლი მიმდინარე სეზონში
Aa
Aa

ჰუფნაგელმა გერმანიაში შეაგდო: პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა გერმანიის რანგით მესამე ლიგაში გოლი გაიტანა. მე-20 ტურში ''უნტერხახინგი'' საკუთარ კედლებში ''ცვიკაუსთან'' 1:2 დამარცხდა.

ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე გახსნეს. მე-40 წუთზე მორიც ჰაინრიხის გადაცემის შემდეგ ლუკას ჰუფნაგელმა წონასწორობა აღადგინა. 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

''უნტერხახინგის'' ფეხბურთელები ჰუფნაგელის გოლს ზეიმობენ

შესვენების შემდეგ ''ცვიკაუმ'' გამარჯვების გოლი შეაგდო და გასვლით მატჩში 3 ქულა მოიპოვა.

20-გუნდიან ჩემპიონატში ჰუფნაგელის გუნდი 21 ქულით მე-16 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ჰუფნაგელის კარიერაში საუკეთესო 2015-16 წლების სეზონია, როცა ''ფრაიბურგთან'' ერთად ბუნდესლიგაში აღზევდა, თუმცა ტრავმების გამო შტრაიხის გუნდში შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, მისი კარიერის რეგრესი დაიწყო და მშობლიურ ''უნტერხახინგს'' დაუბრუნდა, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა.

ლუკას ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, პირველად ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთთან იასპარეზა, მეორედ კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში სერბეთთან გასვლით მატჩში.

ფოტო: Fupa.net, gettyimages.fi

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები