რივალდო
Aa
Aa

რივალდო" "მესისთვის ნეიმართან გადასვლა კარგი იქნება"

ბრაზილიელმა ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ არგენტინელ სუპერვარსკვლავზე ლიონელ მესიზე ისაუბრა. მისი აზრით, ლეოსთვის პსჟ-ში გადასვლა და ნეიმართან ერთად კვლავ თამაში მომგებიანი იქნება.

"პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კარგად იცის, რომ პარიზულ გრანდს მესის შეძენა უნდა. ზოგადად მსოფლიოში რამდენიმე კლუბია, რომელთაც არგენტინელის ყიდვის შესაძლებლობა აქვს და "პარი სენ ჟერმენი" ერთ-ერთი მათგანია. ლეოს სეზონის მიწურულს "ბარსელონასთან" კონტრაქტი უმთავრდება და ეს მათ უნდა გაითვალისწინონ.

მესისთვის საფრანგეთში გადაბარგება და ნეიმართან ერთად თამაში მომგებიანი იქნება. პარიზელებს არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ჰყავთ და ის ლიონელს სრულიად გაუგებს. ნეიმარმა და ლეომ ერთად საოცარი ფეხბურთი ითამაშეს და ეს მათ პარიზშიც შეუძლიათ. საერთო ჯამში, არსებობს რამდენიმე კარგი მიზეზი იმისა, რომ 6 ოქროს ბურთის მფლობელი პსჟ-ში გადავიდეს.

ლიგა 1-ში არგენტინელი გაიბრწყინებს. საფრანგეთის ჩემპიონატი პრემიერ ლიგაზე და ლა ლიგაზე სუსტია. მესის შეუძლია საკუთარ ფიზიკურ ფორმას იდეალურად მოუფრთხილდეს და უამრავი გოლი გაიტანოს. ლეოს ექნება შესაძლებლობა, რათა ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩების წინ დაისვენოს ან კარგად მოემზადოს." - განაცხადა რივალდომ

შეგახსენებთ, რომ მესი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "ბარსელონას" დატოვებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა. რაც შეეხება რივალდოს, ბრაზილიელი ლეგენდა "ბლაუგრანას" რიგებში 1997 წლიდან 2002 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 235 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები