დრამატული ბრძოლა - ბილბაო სუპერ თასის გამარჯვებულია!
Aa
Aa

დრამატული ბრძოლა - ბილბაო სუპერ თასის გამარჯვებულია!

დასრულდა 2021 წლის ესპანეთის სუპერ თასის ფინალი "ბარსელონასა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის. ბასკებმა მძიმე ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვეს და ტიტულს დაეუფლნენ.

შეხვედრა თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. პირველ ტაიმში ბასკებს სტატისტიკურად უპირატესობა ჰქონდათ. ბილბაომ ბარსას კარის მიმართულებით 4-ჯერ გაისროლა და აქედან ორი ზუსტი აღმოჩნდა. რონალდ კუმანის ბიჭებმა კი იგივე 3-ჯერ გააკეთეს და მხოლოდ 1 აღმოჩნდა ზუსტი. 

ეს ერთადერთი ზუსტი დარტყმა ანტუან გრიზმანმა შეასრულა და ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა. ფრანგს ორ წუთში ოსკარ დე მარკოსმა უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში კატალონიელები უფრო მონდომებულები ჩანდნენ. "ატლეტიკმა" კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა, თუმცა უნდა ითქვას, რომ რაულ გარსიამ გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.

"ბლაუგრანა" ზეწოლას განაგრძობდა და შეხვედრის 77-ე წუთზე გრიზმანმა დუბლი შეასრულა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "ბარსელონა" ტიტულს იზეიმებდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ვილალიბრემ ხსენებული ერთადერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა. თამაში დამატებით დროში გადავიდა.

მარსელინიოს შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და 94-ე წუთზე ინაკი უილიამსმა ულამაზესი გოლი გაიტანა. შორეული დარტყმით ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკმა" დამატებით ტაიმში გოლი გაიტანა ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მთლიანად ბარსას მხარეს იყო(81% - 19%). 121-ე წუთზე არასპორტული საქციელის გამო მინდვრიდან ლიონელ მესი გააძევეს. ცნობისთვის, ლეოსთვის "ბარსელონას" შემადგენლობაში ეს პირველი წითელი ბარათი იყო.

საბოლოოდ შეხვედრა ბილბაოს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. ბასკებმა შეიძლება ითქვას სასწაული შეძლეს. ნახევარფინალში მათ მადრიდის "რეალი" გამოთიშეს ასპარეზობას, ფინალში კი "ბარსელონა" დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები