Aa
Aa

2021 წელს პირველად - NBA-ში კორონავირუსის გამო მატჩი გადაიდო

NBA-ის მიმდინარე რეგულარულში კორონავირუსის გამო მეორე შეხვედრა გადაიდო. გამთენიისას, „მაიამი ჰიტისა“ და „ბოსტონ სელთიქსის“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო, მაგრამ Covid-19-ის პროტოკოლის გამო ამ მატჩის ჩატარების თარიღის გაურკვეველი ვადით გადაწევა გახდა საჭირო.

„ბოსტონის“ ერთ-ერთ ლიდერს, ჯეისონ ტეიტუმს ახლახან კორონავირუსი დაუდასტურდა და Covid-19-ის პროტოკოლის გამო „მაიამისთან“ ჯახი „კელტების“ რამდენიმე ლიდერს უნდა გამოეტოვებინა, თუმცა NBA შეხვედრის გადადებას მაინც არ აპირებდა.

Athletic-ის ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაირკვა, რომ „მაიამის“ მატჩის ჩასატარებლად კალათბურთელების საჭირო რაოდენობა ვერ ეყოლებოდა. ფლორიდელთა ერთ-ერთ მოთამაშეს Covid-19-ის ტესტზე დაუზუსტებელი პასუხი მოუვიდა და ამის გამო „ჰიტმა“ პარკეტზე მინიმუმ 8 კალათბურთელის გაყვანა ვერ შეძლო, რამაც ზომების მიღება განაპირობა.

ESPN-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ცნობით, გუნდებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებისა და Covid-19-ის პროტოკოლის გამო წარმოქმნილი საკადრო პრობლემების მიუხედავად, NBA სეზონის შეწყვეტას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე რეგულარულში კორონავირუსის გამო გადაიდო, 23 დეკემბერს ჩანიშნული „ჰიუსტონისა“ და „ოკლაჰომას“ დაპირისპირება იყო. 2021 წელს კი ასეთი რამ პირველად მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები