Aa
Aa

ბრედლი ბილის 60-ქულიანი ბრწყინვალება - ვაშინგტონმა ფილადელფიასთან მაინც წააგო

„ვაშინგტონ უიზარდსის“ სუპერვარსკვლავი, ბრედლი ბილი მიმდინარე სეზონში სტეფ კარის შემდეგ მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი მინიმუმ 60 ქულით დაასრულა. 27 წლის მსროლელმა „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და აქტივში 60 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

„ვაშინგტონის“ ლიდერმა კალათში 35-დან 20 ბურთი მოათავსა, 7 სამქულიანი გაიფორმა და 15-დან მხოლოდ 2 საჯარიმო გააფუჭა. აღსანიშნავია, რომ 3 მეოთხედის შემდეგ, მას 57 ქულა ჰქონდა და გადამწყვეტ თორმეტწუთეულში მხოლოდ 3 ქულას დასჯერდა.

ბილი „უიზარდსის“ ისტორიაშიც შევიდა. მან გილბერტ არენასის რეკორდი გაიმეორა, რომელსაც აქამდე „ვაშინგტონის“ მაისურით ერთ თამაშში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული. გარდა ამისა, „დიდმა პანდამ“ არენასს „უიზარდსის“ რიგებში გაფორმებული 50-ქულიანი მატჩებით გადაასწრო.

ბილის ფენომენალური ასპარეზობის მიუხედავად, „ვაშინგტონმა“ „ფილადელფიას“ მაინც ვერაფერი მოუხერხა და 141-136 დამარცხდა. „სევენთი სიქსერსის“ მხრიდან მინიმუმ 15 ქულა 6-მა კალათბურთელმა დააგროვა, საუკეთესო კი ჯოელ ემბიდი იყო, რომელმაც მატჩი 38 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. სეთ კარიმ თავი 28 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა, ხოლო ტობაიას ჰერისი და შეიკ მილტონი 19-19 ქულას დასჯერდნენ.

ვაშინგტონელებიდან ბილს 20 ქულით, 12 ასისტითა და 8 მოხსნით რასელ უესტბრუკი წაეხმარა. დავის ბერტანსმა გუნდს 17 ქულა შესძინა, ტომას ბრაიანტმა კი 11 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები