ნოკაუტი, რომელმაც დეინა უაითს კონორ მაკგრეგორის გაფორმება გადააწყვეტინა
Aa
Aa

ნოკაუტი, რომელმაც დეინა უაითს კონორ მაკგრეგორის გაფორმება გადააწყვეტინა

8 წლის წინ, კონორ მაკგრეგორი Cage Warriors-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ფლობდა და 2 წონითი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსის დასაკუთრება სურდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ირლანდიელს ივან ბუხინგერი გადაეღობა. სლოვაკი მებრძოლი, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო და კონორთან ჩხუბამდე კარიერაში მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა.

იმ პერიოდში ჟურნალისტთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ მაკგრეგორი UFC-ს უახლოვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში, დეინა უაითისგან კონტრაქტს მიიღებდა, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებული გახლდათ. ირლანდიელს ოცნება ნელ-ნელა ხელიდან ეცლებოდა.

ბუხინგერის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაკგრეგორის მწვრთნელმა და მისმა მენეჯერებმა UFC-სგან წერილი მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია კონორის გაფორმებას არ აპირებდა. მაშინ UFC-ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჟოზე ალდო დომინირებდა და ჩათვალეს, რომ კონორი არ იყო ის მებრძოლი, ვისაც მისი დომინაციის დამხობა შეეძლო.

UFC-მ ირლანდიელს კარი მიუჯახუნა, მაგრამ კონორი არ დანებებულა და 2012 წლის 31 დეკემბერს, დუბლინში გამართულ ბრძოლაში ყველაფერი შეცვალა. მაკგრეგორმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მისმა მოძრაობებმა და უზუსტესმა მარცხენა ჰუკმა ჩემპიონი გაანადგურა და მსაჯი იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კონორის ბრწყინვალე ნოკაუტმა UFC-ის მმართველების ყურადღება მიიპყრო. დეინა უაითი და შონ შელბი მიხვდნენ, რომ საქმე განსაკუთრებულ მებრძოლთან ჰქონდათ და ირლანდიელი 2013 წლის თებერვალში გაიფორმეს. ამავე წლის აპრილში მაკგრეგორმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და მარკუს ბრიმეიჯი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ჟოზე ალდო კი, რომელიც კონორის წონით დივიზიონში დომინირებდა, 2015 წლის 12 დეკემბერს ნოკაუტში აღმოჩნდა. ნოკაუტში, რომლის შესასრულებლადაც მაკგრეგორს სულ რაღაც 13 წამი ეყო და ეს სატიტულო ბრძოლებში დღემდე სარეკორდო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები