„ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა
Aa
Aa

„ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - Nj.com-ის სტატია სანდრო მამუკელაშვილზე

ცნობილმა ვებგვერდმა, Nj.com-მა „სეტონ ჰოლის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ყურადღებას „მეკობრეების“ მომდევნო შეხვედრაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა, „მამუ“ თავის ძველ ფორმას დაუბრუნდეს.

***

„სეტონ ჰოლი“ 1-კვირიანი პაუზის შემდეგ პარკეტს ოთხშაბათს (თბილისი დროით ხუთშაბათს) დაუბრუნდება და „ქსავიერს“ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში „მეკობრეებს“ სჭირდებათ ის „მამუ“, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ვიხილეთ.

ქართველი მძიმე ფორვარდი 6 დეკემბერს, „პენ სტეიტთან“ ოვერტაიმში მოგებულ მატჩში, რომელშიც მან 30 ქულა ჩააგდო და 11 დეკემბერს, „სენტ ჯონსის“ წინააღმდეგ გამართულ ჯახში, რომელიც თავისთვის სარეკორდო 32 ქულით დაასრულა, სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრის ღირს კალათბურთელს ჰგავდა. თუმცა მომდევნო სამ შეხვედრაში მისმა შედეგიანობამ იკლო და ყველაფერი „ჯორჯთაუნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩით დასრულდა, რომელშიც სანდრომ 5-დან 1 ბურთი ჩააგდო და 2 ქულას, 3 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას დასჯერდა.

მიუხედავად ამისა, „ქსავიერის“ მთავარი მწვრთნელი, ტრევის სტილი დარწმუნებულია, რომ შეხვედრის დაწყების შემდეგ, ჩვეულ სტილში მოასპარეზე მამუკელაშვილს ვიხილავთ.

„მათ NCAA-ში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ჰყავთ. სანდრო სიმაღლეში 211 სანტიმეტრია, მაგრამ როგორც გამთამაშებელს ისე იყენებენ. ის მათი ფლეიმეიქერია. ეხება ეს სამწამიანში შესვლას თუ ბლოკების გამოყენებას. სიმაღლის მიუხედავად, სწრაფი შეტევებისას მამუკელაშვილი ტემპს არ აგდებს და კარგი სროლა აქვს. მის წინააღმდეგ აქტიური დაცვა უნდა ვითამაშოთ და მაქსიმალურად რთული ტყორცნების შესრულება ვაიძულოთ“.

მამუკელაშვილის 2 ქულის მიუხედავად, „სეტონ ჰოლმა“ „ჯორჯთაუნთან“ მაინც მარტივად იმარჯვა, რაც მაილს კეილის 30 ქულისა და ჯარედ როდენის 26 ქულისა და 12 მოხსნის დამსახურება გახლდათ. ამ კვირას, კეილი Big East-ის კონფერენციის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, როდენი კი სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

„ჯორჯთაუნთან“ მატჩის შემდეგ, „სეტონ ჰოლის“ თავკაცმა, კევინ უილარდმა განაცხადა: „სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მამუ მენტალურად გადაიღალა და ცოტა გადაიწვა. ჩემი აზრით, პაუზამ შესანიშნავ დროს მოგვისწრო, რადგან მამუკელაშვილი საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც NCAA-ში მინახავს. დღეს მას ორი თანაგუნდელი ჰყავდა, რომლებიც ბრწყინვალედ თამაშობდნენ და სანდრომ მათ ინიციატივა დაუთმო“.

ქართველი მძიმე ფორვარდი, რომელიც ESPN-ის სიაში - 2021 წლის დრაფტისთვის საუკეთესო კალათბურთელები, მე-60 ადგილს იკავებს, საშუალოდ 18.2 ქულას, 6.7 მოხსნასა და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

„ქსავიერის“ თავკაცს მშვენივრად მოეხსენება, რომ „მეკობრეების“ შეტევა მამუკელაშვილზეა დამოკიდებული და იცის, რომ მის გუნდს სანდროს წინააღმდეგ აგრესიული დაცვის თამაში მოუწევს.

„სეტონ ჰოლს დაბალანსებული შეტევა ჰყავს. სიმაღლის მიუხედავად, მეკობრეების შეტევები სანდრო მამუკელაშვილზეა აწყობილი, რადგან იგი უნივერსალური კალათბურთელია. ისინი აქცენტს სანდროზე გააკეთებენ და დარწმუნებული ვარ, მისი თანაგუნდელები თავისუფალი პოზიციიდან სროლის საშუალებას მიიღებენ, რადგან მამუ შესანიშნავი მეპასეა“.

მამუკელაშვილის მსგავსი კალათბურთელი „ქსავიერსაც“ ჰყავს - ზაკ ფრიმენტლი და სტილის მიხედვით, „სეტონ ჰოლთან“ მატჩში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, - წერს Nj.com.

შეგახსენებთ, რომ „სეტონ ჰოლისა“ და „ქსავიერის“ დაპირისპირება 31 დეკემბერს, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება. „მეკობრეებს“ 10 შეხვედრიდან 6 გამარჯვება აქვთ, მათი მეტოქე კი 9 მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები