''ვერავინ გაანალიზა მაკედონიასთან მატჩის მნიშვნელობა'' - არველაძემ ნაკრებზე ისაუბრა
Aa
Aa

''ვერავინ გაანალიზა მაკედონიასთან მატჩის მნიშვნელობა'' - არველაძემ ნაკრებზე ისაუბრა

ამსტერდამის ''აიაქსის'' ექს-ფორვარდმა შოთა არველაძემ გადაცემაში ''სპორტი დიდ ქალაქში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა. ''ფახთაქორის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მაკედონიასთან ფინალური მატჩისთვის შესაბამისი გარემო არ შეიქმნა. მისი თმით ეს მატჩი პოლიტიკას და პოლიტიკურ პროცესებს გადააყოლეს.

შოთა არველაძე: ''გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ არ უთამაშია. 

თითქოს ყველა ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას ეძებდა, თითქოს ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული. ამ დროს კი ეს მოთამაშეები მინდორზე არ არიან. ვიღას მივცეთო პასი? ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა.

ქალაქში არცერთი დროშა, არცერთი ბანერი, ეს მატჩი არჩევნებს გადავაყოლეთ. ვერ მიხვდა საერთოდ ვერავინ თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე დიდი ტალღა უნდა აგორებულიყო, მაგრამ მედია არ მოეხმარა, პრესა არ მოეხმარა, ფედერაციაში ალბათ ფიქრობდნენ, რომ მაყურებლების დაშვებას ვირუსის გავრცელება არ გამოეწვია.

ვერ გაანალიზა ვერც მედიამ, ვერც მთავრობამ, ვერც გულშემატკივარმა თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველოდა, მაგრამ მაგის დროც არ გქონდათ. ხომ ვუყურებ ტელევიზორში რა ხდება, კობახიძეს და მელიას გადააყოლეს მთელი საქართველო.

ახლა რა პერსპექტივაა? ახლა არანაირი პერსპექტივაა.

ახალი წელი მოდის და მინდა მომავალს მაინც ოპტიმისტურად შევხედო. მინდა ყველამ შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანონ. 2023 წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება, ფინალი ბათუმში იქნება, რაც ძალიან კარგია.''

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. "დინამო არენაზე" მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა, თანაგუნდელთა სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გორან პანდევმა დაასრულა. ამ გამარჯვებით სტუმრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს, ქართველებმა კი ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას ფინალურ მატჩში არ უთამაშია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული იყო, ხოლო ჩაკვეტაძე ტრავმას მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები