Aa Aa
3 დეკემბერი 2020  |  10:28

„დიეგო, მე შენ მიყვარხარ" - პელეს ემოციური პოსტი მარადონას საპატივცემულოდ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ დიეგო მარადონას ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „ფეხბურთის მეფემ“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„7 დღე გავიდა რაც წახვედი. ჩვენი შედარება ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა და ისინი ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდნენ. შენ გენიოსი იყავი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოაჯადოვა. ჯადოქარი ბურთით და ნამდვილი ლეგენდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემთვის ყოველთვის შესანიშნავი მეგობარი იქნები, კიდევ უფრო დიდი გულით.

დღეს, ვხვდები, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ჩვენი თავები ერთმანეთისთვის უფრო იშვიათად რომ შეგვედარებინა და ერთმანეთისადმი აღტაცება უფრო ხშირად გამოგვეხატა. ამიტომ, მინდა გითხრა, რომ შეუდარებელი ხარ.

შენ მიერ დატოვებულ კვალს გულახდილობა ახლავს თან და შენეული უნიკალური და განსაკუთრებული გზით გვასწავლე, რომ ერთმანეთი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს და ფრაზას „მე შენ მიყვარხარ“ უფრო ხშირად უნდა ვიყენებდეთ. შენმა უეცარმა წასვლამ არ მომცა საშუალება შენთვის ეს სიტყვები მეთქვა, ამიტომ უბრალოდ დავწერ - „დიეგო, მე შენ მიყვარხარ“.

ჩემო კარგო მეგობარო, ძალიან დიდი მადლობა ერთობლივი მოგზაურობისთვის. ერთ დღეს, სამოთხეში, მე და შენ ერთ გუნდში ვითამაშებთ და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა გოლს არ აღვნიშნავ, მაგრამ ტრიუმფის ნიშნად ჰაერში ხელს მაინც ავწევ. ეს იმიტომ მოხდება, რომ შენთან ჩახუტება კიდევ ერთხელ შემეძლება“.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში