Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  13:44

დინ ჰენდერსონი ბეთინგში? - ინგლისელმა მეკარემ ოჯახს ფული მოაგებინა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის დინ ჰენდერსონის ბიძამ ინგლისურ ტოტალიზატორში 12 500 ევრო მოიგო. საქმე შემდეგში გახლავთ - მაშინ, როდესაც დინი 14 წლის იყო, მისმა ბიძამ, მარტინ ფლანკეტმა საკუთარი ძმის შვილზე ფსონი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ამჟამად 23 წლის კიპერი "კარლისლი იუნაიტედში" ირიცხებოდა.

ფსონი ჰენდერსონის ეროვნულ ნაკრებში მატჩს ეხებოდა. დინს ერთი მატჩი უნდა ჩაეტარებინა და მარტინი მოიგებდა. გასულ კვირას "ერთა ლიგაზე" "წითელი ეშმაკების" მეკარემ ინგლისის ნაკრების კარი ისლანდიის წინააღმდეგ დაიცვა და ფსონიც გამართლდა. მარტინს ძმის შვილზე 25 ევრო ჰქონდა დადებული, კოეფიციენტი კი 500 იყო.

მარტინ ფლანკეტმა მოგების შემდეგ "მირორთან" კომენტარი გააკეთა: "ჯერჯერობით თანხა არ გადმოუციათ. მათ გვითხრეს, რომ უნდა მოვიცადოთ. კაზინო "ვილიამ ჰილმა" გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ყველაფერი რიგზეა და თანხას მალე მივიღებთ.

ამ ფსონის შესახებ ვინც იცოდა აბსოლუტურად ყველა ამბობდა, რომ მოვიგებდი, რადგან ჩემი ძმის შვილი კარგი მეკარეა და ინგლისის ნაკრებში აუცილებლად ითამაშებდა.

მინდა მადლობა გადავუხადო "ვილიამ ჰილს", რადგან ასეთი ფსონი მარტო მათ მიიღეს." - განაცხადა ჰენდერსონის ბიძამ

აღსანიშნავია, რომ ინგლისელი მეკარის მშობლებმაც მოიგეს ფული, ოღონდ სხვა ფსონით. ჰენდერსონის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა 50 კოეფიციენტად ფასობდა. მათ ეს გამოიცნეს და 2500 ევრო მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ დინი "იუნაიტედს" წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში იჯარის წესით ჰყავდა განათხოვრებული. ჰენდერსონის უკანასკნელი გუნდი კი "შეფილდი" იყო, სადაც მან გასულ სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში