Aa
Aa

უმაყურებლობა სრულდება? - ინგლისში ფანების სტადიონებზე დაშვებაზე ალაპარაკდნენ

BBC Sport-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, 2 დეკემბრიდან ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩების ნაწილზე გარკვეული რაოდენობის გულშემატკივრები დაუშვან.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ინგლისში საყოველთაო ლოქდაუნი 2 დეკემბრიდან მოიხსნება და ქვეყანა 3 კატეგორიად დაიყოფა: მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის რეგიონები. იმ ქალაქებში, რომლებიც დაბალი რისკის ჯგუფში არიან, შესაძლოა, საფეხბურთო მატჩებზე 4 000 ქომაგი დაესწროს.

რაც შეეხება საშუალო რისკის მქონე ქალაქებს, იქ გასამართ შეხვედრებზე 2 000 კაცის დასწრება იქნება შესაძლებელი, მაღალი რისკის მქონე ქალაქების სტადიონებზე კი მატჩებზე მაყურებლები კვლავ არ დაიშვებიან.

აღნიშნულ საკითხზე არც მთავრობას და არც პრემიერ ლიგას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც BBC Sport-ი ვარაუდობს, წესით, თემას ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინება.

ასე რომ, შესაძლოა, პრემიერ ლიგის მე-11 ტურიდან, რომელიც 4; 5; 6 და 7 დეკემბერსაა ჩანიშნული, სტადიონებზე პუბლიკის გარკვეული ნაწილი დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები