Aa Aa
22 ნოემბერი 2020  |  15:34

ფრანგული კლუბის ქართველი კაპიტანი - სანაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში ''ვალანსიენისა'' და ''როდეზის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობას ქართველი მცველი ამირან სანაია დაუბრუნდა, რომელმაც ფრანგულ კლუბს უკაპიტანა და მისმა ასპარეზობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სანაიამ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდს 3 კაპიტანი ჰყავს და მთავარი მწვრთნელი კაპიტნების როტაციას მიმართავს. ამჯერად კაპიტნის ფუნქციები მან შეასრულა.

Sofascore-მა 31 წლის ქართველ მცველს 7,1 დაუწერა. ''როდეზმა'' 3-4-3 ტაქტიკური სქემით ითამაშა. სამცველიან ტაქტიკაში სანაია მარცხენა მცველი იყო. თამაშის მიმდინარეობისას ზოგჯერ ''როდეზი'' ტაქტიკას ცვლის და 4 მცველით თამაშობს. ამ შემთხვევაში სანაია მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში სანაიამ ტრავმების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი 20-გუნდიან ლიგაში 10 ქულით მე-18 ადგილზეა.

გამოცდილ ფეხბურთელს მთელი პროფესიული კარიერა საფრანგეთში აქვს გატარებული. ის იცავდა ''ლე მანის'', ''ბასტიას'', ''ლუზენაკის'', ''პარიზისა'' და ''ლე ერბიეს'' ღირსებას. 

2011-12 წლებში ''ბასტიასთან'' ერთად საფრანგეთის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. მას საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში არასდროს უთამაშია.

სოხუმში დაბადებულმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2007-09 წლებში 6 მატჩი ჩაატარა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია, თუმცა მძიმე ტრავმების გამო საკლუბო დონეზე შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა.

ფოტო: gettyimages

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები