Calciomercato - კვარაცხელიას გადაბირება სერია A-ს სამ კლუბს სურს
Aa
Aa

Calciomercato - კვარაცხელიას გადაბირება სერია A-ს სამ კლუბს სურს

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Calciomercato ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელის გადაბირების სურვილი სერია A-ს სამ კლუბს აქვს.

Calciomercato-ს მიხედვით, კვარაცხელიას საკუთარ რიგებში ხილვა „სასუოლოს“, „ტორინოსა“ და „უდინეზეს“ სურთ. „გრანატას“ ინტერესის შესახებ აქამდეც იწერებოდა. „სასუოლოსა“ და „უდინეზეს“ შესახებ კი ცოტა ხნის წინ, ხვიჩას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ისაუბრა.

ჯუღელმა ის კლუბები დაასახელა, რომლებსაც კვარაცხელიას შეძენა სურდათ და მათ რიგებში „სასუოლო“, „ზალცბურგი“, „გენტი“, „უდინეზე“ და „ტორინო“ იყვნენ, თუმცა დასძინა, რომ ხვიჩას რუსეთის პრემიერ ლიგაში დარჩენა და გამოცდილების დაგროვება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველ ფეხბურთელს „დორტმუნდსაც“ უკავშირებდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „შავ-ყვითლებმა“ კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე „რუბინს“ მიმართეს, თუმცა ყაზანელებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

ცნობისთვის, ხვიჩას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები