Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  19:50

დამწუხრებული კატალონია და გახარებული მადრიდი - "ელ კლასიკო" რეალმა მოიგო

დასრულდა მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო." მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა.

შეხვედრა ზიდანის შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე კარიმ ბენზემას შესანიშნავი გადაცემა ფედე ვალვერდემ ძლიერი დარტყმით გოლად აქცია. ანგარიშის გახსნის შემდეგ "სამეფო კლუბს" კიდევ ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვინისიუს ჯუნიორმა არაზუსტად დაარტყა.

გოლიდან 3 წუთში კატალონიელთა ამომავალმა ვარსკვლავმა ანსუ ფატიმ ხორდი ალბას კარგ გადაცემას უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთში ლეო მესის შეეძლო გუნდის წინ გაყვანა, მაგრამ მას ტიბო კურტუამ აჯობა. არგენტინელის მომენტს კარიმ ბენზემამ უპასუხა და მას უკვე ნეტუმ არ გაატანინა. გუნდებმა მომენტები გაცვალეს და ამის შემდეგ სიტუაცია შედარებით დამშვიდდა. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა შესამჩნევად აქტიურად დაიწყეს. ანსუ ფატის და კოუტინიოს კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ორივეჯერ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს. თითქოს "რეალმა" თამაში დაკარგა, მაგრამ ერთ უწყინარ ჯარიმას პენალტი მოჰყვა "ბარსელონას" კარში, რაც სერხიო რამოსმა გოლად აქცია.

ამ მომენტის შემდეგ "ბლაუგრანა" ფსიქოლოგიურად გატყდა და რეალური მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და აქტიურობით თავს არც "რეალი" იკლავდა. შეხვედრის 82-ე წუთზე რონალდ კუმანმა ერთბაშად სამი ცვლილება გააკეთა.

მინდორზე ანტუან გრიზმანი, ოსმან დემბელე და ტრინკაო გამოჩნდნენ. 4 წუთში ნიდერლანდელი მწვრთნელი ბოლომდე წავიდა ვაბანკზე და ხორდი ალბას ნაცვლად თამაშში მარტინ ბრაიტვაიტი ჩართო. ამით კი "სამეფო კლუბმა" ისარგებლა და ბარსას მესამე გოლი გაუტანა. თავი ამჯერად მოდრიჩმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ხორვატის გოლამდე ტონი კროოსს და სერხიო რამოსს ჰქონდათ ძალზედ ხელსაყრელი მომენტები, მაგრამ მათ კვლავ ნეტუმ აჯობა.

საბოლოოდ მადრიდის "რეალმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ზინედინ ზიდანმა კლასიკური 4-3-3 სქემით ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მან სათადარიგოთა სკამზე ლუკა მოდრიჩი დატოვა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ურუგვაელი ვალვერდე მოგვევლინა, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოიტანა. 

რაც შეეხება "ბარსელონას", რონალდ კუმანმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ანტუან გრიზმანის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა პედრი გაამწესა, რომელმაც გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და გუნდს სარგებელი ვერ მოუტანა. კუმანის გაკეთებული ცვლილებები კი დაგვიანებული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ფრანგმა სპეციალისტმა მის ვიზავის ყველა ასპექტში აჯობა. "რეალში" დანიშვნის შემდეგ ზინედინ ზიდანმა "ნოუ კამპზე" ჩატარებულ 6 "ელ კლასიკოში" 3 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 3-ჯერ კი ფრეს დასჯერდა.

ამ მომენტში "ბლანკოსი" 13 ქულით ლა ლიგას ლიდერობს. "ბარსელონა" კი 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა, მაგრამ მათ 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომავალ შეხვედრას ზიდანის შეგირდები ლა ლიგაში 31 ოქტომბერს "უესკას" წინააღმდეგ გამართავენ. კატალონიელები კი ასევე 31-ში "ალავესს" ეწვევიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში