''ჩასაფრებულებს არაფრად ვთვლი და პასუხს თამაშით ვცემ''- ლოჩოშვილი ცსკა-სთან მატჩზე
Aa
Aa

''ჩასაფრებულებს არაფრად ვთვლი და პასუხს თამაშით ვცემ''- ლოჩოშვილი ცსკა-სთან მატჩზე

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ''ვოლფსბერგერისა'' და მოსკოვის ცსკა-ს მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ტანმაღალმა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ავსტრიული გუნდის რიგებში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

მას Sofascore-მა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, 7,3 დაუწერა და ორივე გუნდის მხრიდან მხოლოდ თანაგუნდელ მიხაელ ლინდლისა და ცსკა-ს ნიგერიელ შემტევს, ჩიდერა ეჯუკეს ვერ აჯობა. 

ლოჩოშვილმა CrystalSport-თან ისაუბრა: ''მიხარია ასეთი შეფასება რომ მივიღე, მაგრამ სჯობს ჩემს შესახებ სხვებმა ისაუბრონ. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მსურს, თუმცა ყოველი მატჩის შემდეგ ჩემს თამაშს განვიხილავ, ჩემთვის ვაანალიზებ პლუსებსა და მინუსებს.

რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში ცსკა-ს აშკარად ვაჯობეთ, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ მოუმატა და შეხვედრა ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო''.

გასულ ზაფხულში ავსტრიულ გუნდში გადასვლამდე ლოჩოშვილმა თბილისის ''დინამოს'' რიგებში ალბანურ ''ტირანასთან'' ითამაშა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა მცველი ქომაგთა გარკვეულმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა. ლოჩოშვილმა ამ თემაზეც ისაუბრა: ''არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფეხბურთელს ერთი თამაშით აფასებს. ჩავარდნები ჩემზე დიდ ფეხბურთელებს აქვთ და ეს ნორმალურია, მაგრამ ამით ყველაფერი არ წყდება. ხალხის კომენტარებს ვკითხულობდი და უბრალოდ გაუგებარი იყო ასეთი კრიტიკა. თბილისის ''დინამოს'' თუ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისურით არაერთი კარგი მატჩი ჩამიტარებია. ვინც ფეხბურთს უყურებს და ესმის, ყველამ იცის, რომ ერთი თამაშით არაფერი წყდება. არ შეიძლება ფეხბურთელი ერთი თამაშით ჩამოწერო. კრიტიკაც მოტივაციაა, მაგრამ მე სხვა რაღაცები უფრო დიდ მოტივაციას მძენს. ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი, ჯერ არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი წინაა. ვინც მიცნობს, მათ იციან ჩემი შესაძლებლობები. იმ ხალხს, ვინც მხოლოდ ჩასაფრებულია და საბაბს ელოდება, რომ რაიმე ცუდი დაწეროს, მათ არაფრად მივიჩნევ. ყველას პასუხს ჩემი თამაშით გავცემ''.

Sofascore-მა, ლოჩოშვილის მსგავსად, 7,3 დაუწერა ცსკა-ს ნახევარმცველ კონსტანტინ მარადიშვილს, რომელიც წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსული პასპორტი აქვს.

ლოჩოშვილმა მარადიშვილის შესახებ ისაუბრა: ''ძალიან კარგი ფეხბურთელია, ბოლომდე ბრძოლით გამოირჩევა. სამწუხაროდ, მან ქართული არ იცის. მატჩის შემდეგ შევხვდი და რუსულად ვისაუბრეთ. მაისურები გავცვალეთ და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ''.

ლოჩოშვილის თქმით ავსტრიის ჩემპიონატში მაღალი ტემპია, რაც მის პროგრესს განაპირობებს: ''ძლიერ ჩემპიონატში თამაშით ფეხბურთელი ყველა კომპონენტში უმატებ. თამაშები მაღალ ტემპში მიმდინარეობს, ყველა გუნდი უტევს. ასეთ თამაშებში უფრო იზრდები, როცა შენს წინააღმდეგ კარგი შემტევები არიან. დარწმუნებული ვარ პროგრესს გავაგრძელებ და უკეთეს ჩემპიონატში მოვხვდები''.

MRI-ს ბოლო მონაცემებით ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე თავს კარგად გრძნობს, ტრავმა თითქმის მოშუშებულია, თუმცა სარეაბილიტაციო კურსი თვის ბოლოს დასრულდება და სავარაუდოდ ნოემბერის დასაწყისში გიორბელიძე ''ვოლფსბერგერთან'' ერთად ივარჯიშებს. ლოჩოშვილმა იმ ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ახალ გუნდში მას თანამემამულე დახვდა და ადაპტაცია გაუადვილა: ''სასიამოვნოა, როცა ქართველი შენთან ერთადაა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა.

ავსტრიულ გუნდში ინგლისურ ენაზე ვსაუბრობ, თუმცა გერმანულ ენაზე საფეხბურთო ტერმინებს ვსწავლობ, რაც მოედანზე მჭირდება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები