Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  20:01

"ევრო 1980"-ის ჩემპიონობამდე 7 თვით ადრე თბილისში - ისტორიული კადრები დინამო არენადან

სტაჟიან გულშემატკივარს არ ესწავლება, თუმცა ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ 1980 წლის ევროპის ჩემპიონი, დასავლეთ გერმანიის ნაკრები ამ ტრიუმფამდე დაახლოებით 7 თვით ადრე თბილისში იმყოფებოდა და ამხანაგური შეხვედრა გამართა.

თამაში დღევანდელ „დინამო არენაზე“ ჩატარდა და მის სანახავად ტრიბუნებზე, ქვეყნის მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, 40 000-მდე მაყურებელი შეიკრიბა.

იუპ დერვალის გუნდი სსრკ-ის ნაკრებს თითქმის უძლიერესი შემადგენლობითა და არაერთი ვარსკვლავით ესტუმრა: მანფრედ კალცი, ჰანს-პეტერ ბრიგელი, ბერნდ შუსტერი, კლაუს ფიშერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვები...

საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა: ოთარ გაბელიამ, რომელმაც რამდენიმე ეფექტური სეივიც მიითვალა, ვიტალი დარასელიამ და ვლადიმერ გუცაევმა.

ამ მატჩის სრული ჩანაწერის ხილვა Youtube-ზეა შესაძლებელი, ჩვენ კი საუკეთესო მომენტები ამოვკრიფეთ და მათ ვრცელი მიმოხილვის სახით გთავაზობთ. კარლ-ჰაინც რუმენიგემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც კლაუს ფიშერმა შეაგდო, საბჭოელთა მხრიდან კი თავი მხოლოდ ალექსანდრ მახოვიკოვმა გამოიჩინა. თამაში 1:3 დამთავრდა.


როგორც მიმოხილვიდან ხედავთ, 1979 წლის 21 ნოემბერს გერმანელებმა სსრკ-ის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს. მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ.

სსრკ: ოთარ გაბელია, ოლეგ როდინი, ალექსანდრ მირზოიანი, ვიქტორ სამოხინი, ალექსანდრ მახოვიკოვი, ვაგიზ ხიდიატულინი (სერგეი შავლო; 68), ვიტალი დარასელია, ხორენ ოგანესიანი, იური გავრილოვი, ვლადიმერ გუცაევი, სერგეი ანდრეიევი.

დასავლეთ გერმანია: ნორბერტ ნიგბური, ჰანს-პეტერ ბრიგელი, ბერნარდ კულმანი, ბერნარდ დიტცი (მიროსლავ ვოტავა; 74), კარლჰაინც ფორსტერი, მანფრედ კალცი (ჰერბერტ ციმერმანი; 74), ჰანსი მიულერი, ბერნდ შუსტერი (ბერნდ ფორსტერი; 46), კლაუს ფიშერი, ჰარალდ ნიკელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე.

ამ მატჩიდან დაახლოებით 7 თვის შემდეგ იტალიაში „ევრო 1980“ დაიწყო. ალემანებმა ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს - ჩეხოსლოვაკიას რუმენიგეს გოლით აჯობეს, ჰოლანდიასთან კლაუს ალოფსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და 3:2, ხოლო ბოლო ტურში საბერძნეთთან თამაში უგოლოდ დამთავრდა. იუპ დერვალის უძლიერესი ნაკრები, როგორც ჯგუფის გამარჯვებული, ფინალში მოხვდა. მოგეხსენებათ, მაშინ ევროპის ჩემპიონატზე 8 გუნდი მონაწილეობდა, შესაბამისად, ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში გადიოდნენ და გერმანელთა მეტოქე მეორე ჯგუფის პირველადგილოსანი ბელგია გახდა.

ფინალურ შეხვედრაში გერმანელებმა ჰორსტ ჰრუბეშის დუბლით 2:1 მოიგეს და „ბებერი კონტინენტის“ ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.


იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებიც თბილისურ მატჩში მონაწილეობდნენ, ევროპირველობაზე ალემანთა მაისურით ჰარალდ შუმახერმა, კლაუს ალოფსმა, ჰორსტ ჰრუბეშმა, რაინერ ბონჰოფმა, ფელიქს მაგათმა, ული შტილიკემ და სხვა გამორჩეულმა მოთამაშეებმა იასპარეზეს. ასევე გუნდის განაცხადში იყო 19 წლის ლოთარ მათეუსიც.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კლაუს ალოფსი გახდა. მაშინ დიუსელდორფის „ფორტუნას“ შემტევმა იტალიის სტადიონებზე 3 გოლი შეაგდო.

„ევრო 1980“-ის სიმბოლურ ნაკრებში კი ერთბაშად 6 გერმანელი მოხვდა. ზოგადად, ეს ნაკრები ასე გამოიყურებოდა: დინო ძოფი (იტალია), კლაუდიო ჯენტილე (იტალია), გაეტანო შირეა (იტალია), ჰანს-პეტერ ბრიგელი (გერმანია), კარლჰაინც ფორსტერი (გერმანია), იან კულემანსი (ბელგია), მარკო ტარდელი (იტალია), ჰანსი მიულერი (გერმანია), ბერნდ შუსტერი (გერმანია), ჰორსტ ჰრუბეში (გერმანია), კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში