Aa
Aa

ფალკაოს, გრიზმანსა და ფორლანზე უკეთესი დებიუტი - AS-მა სუარესი გამოარჩია

მადრიდული AS-ის სტატისტიკური კვლევის თანახმად, ლუის სუარესმა „ატლეტიკოში“ ასპარეზობა იმაზე კარგად დაიწყო, ვიდრე რადამელ ფალკაომ, ანტუან გრიზმანმა და დიეგო ფორლანმა.

33 წლის ფორვარდმა ლა ლიგის ეგიდით „როხიბლანკოს“ მაისური ჯამში 216 წუთის განმავლობაში მოირგო, აქტივში კი 3 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა. გამოდის, რომ ლუისი გოლში მონაწილეობას ყოველ 54 წუთში იღებს.

„პისტოლეროს“ ამ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს ფალკაოა, რომელმაც გუნდის რიგებში ჩატარებულ მეორე მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მესამე შეხვედრაში კი დუბლი და საგოლე პასი. თუმცა, ფალკაოს ამის გასაკეთებლად ჯამში 338 წუთი დასჭირდა, რის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ იგი გოლში მონაწილეობას ყოველ 56 წუთში ერთხელ იღებდა.

გრიზმანსა და ფორლანს კი საერთოდ რთული სტარტი ჰქონდათ. ურუგვაელმა საწყის 4 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ფრანგს კი ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა და სადებიუტო შეხვედრებში თავი არაფრით გამოუჩენია.

სუარესის „ატლეტიკოს“ ლა ლიგის ოთხი მატჩის შემდეგ ჯერ წაგება არ აქვს და უკვე ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. „ათლეტები“ 8 ქულით ცხრილის მე-8 ადგილზე არიან და ლიდერებს - „სოსიედადსა“ და „ვილიარეალს“ 3-3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები