კუმანის შემდეგ ანსუ ფატი - ნიომი ანსუმანეს ეჩხუბა
Aa
Aa

კუმანის შემდეგ ანსუ ფატი - ნიომი ანსუმანეს ეჩხუბა

ლა ლიგის მორიგ ტურში "ხეტაფემ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთი შეხედვით მშვიდი მატჩი იყო, მაგრამ დღეს სპორტულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. საქმე კვლავ მასპინძელთა 32 წლის ნახევარმცველს ალან ნიომის ეხება.

ანსუმანე მინდორზე 61-ე წუთზე შევიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ახალგაზრდა ესპანელი ნიომის გასწრებას ცდილობდა, მაგრამ სენეგალელმა კორპუსი იდეალურად ჩააყენა და ფატი ჩამოიშორა. ხსენებულ მომენტში, ორთაბრძოლის დროს ალან ნიომიმ 17 წლის ფეხბურთელს იდაყვი დაახლოებით ლავიწის ძვალზე მიადო, რაზეც ბარსას ამომვალმა ვარსკვლავმა განწირულივით დაიყვირა და მოედანზე დაეცა.

ანსუმანე მსაჯის პროვოცირებას შეეცადა. ის აჩვენებდა, რომ ნიომის იდაყვი სახეში მოხვდა, რამაც თავად ალანი ძალიან გააღიზიანა. ეპიზოდის ჩავლის შემდეგ 32 წლის სენეგალელი ფატის მივარდა და უხეშად დაუყვირა: "18 წლის ხარ და უკვე ასე სიმულირებ??

აღსანიშნავია, რომ ეს ნიომიმ ფატის აგრესიულად უთხრა. სენეგალელს არც ის ახსოვდა, რომ ანსუ ჯერ კიდევ 17 წლის არის და არა 18.


ნიშანდობლივია, რომ "ხეტაფეს" ნახევარმცველი მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიულ განწყობაზე იყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბარსას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში ნიომი გააკრიტიკა და განმარტა, რომ ის მას შეურაცხყოფას აყენებდა.

ბორდალასს ვუთხარი, რომ მათმა 12-მა ნომერმა ნიომიმ რამდენჯერმე ისეთი სიტყვებით მომმართა, რომ ამის გამეორებაც კი არ მინდა. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა.

ბორდალასს ვთხოვე მას დალაპარაკებოდა და აეხსნა, რომ ასე მოქცევა თანამედროვე ფეხბურთში არ შეიძლება და ლამაზი არ არის." - განაცხადა კუმანმა

ბორდალასმა ნიდერლანდელს დაუყოვნებლივ გასცა პასუხი: "მე მას კარგად ვიცნობ და არამგონია ეს გაეკეთებინა. ალანი კარგი ბიჭია.

სენეგალელი საკმაოდ პატივმოყვარე ადამიანია. ზოგადად არ დავუშვებ ჩემმა ფეხბურთელმა რაიმე მსგავსი ჩაიდინოს, მაგრამ ვიმეორებ, ეჭვი მეპარება, რომ მას ეს გაეკთებინა." 

როგორც უკვე მოგახსენეთ, "ხეტაფემ" კატალონიელები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ხაიმე მატამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.

მასპინძლებს 5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 10 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხებათ კატალონიელებს, ისინი 4 თამაშის შემდეგ 7 ქულით მე-10 პოზიციაზე არიან, თუმცა მათ 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები