ვლადიმირ ვაისი:
Aa
Aa

ვლადიმირ ვაისი: "ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, მოლდოვასთან მატჩის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"რთული თამაში იქნება, თუმცა ყველაფერ ჩვენზეა დამოკიდებული. მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მასაც თავისი მიზნები აქვს. ისიც ფაქტია, რომ ჩვენ მათ მხოლოდ 1 ქულით ვუსწრებთ". 

"ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ შევძლებთ და ისევე ხარისხიანად ვითამაშებთ, როგორც უელსთან შეხვედრის მეორე ტაიმში. ასეთ შემთხვევაში წარმატების მეტი შანსი გვექნება". 

"მოლდოვის ნაკრებს ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის: ეპურიანუ, გაცკანი, გუცაევი, რომელთაც ყაზახეთიდან კარგად ვიცნობ. ასევე ჰყავს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე და საერთო ჯამში საქმე საკმაოდ დაბალანსებულ გუნდთან გვაქვს". 

"დიდი მნიშვნელობა ექნება მომენტების გამოყენებას, რაც გვახსოვს, რომ წინა მატჩებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო". - განაცხადა ვაისმა. 

მასთან ერთად პრესკონფერენციას, ყაზანის "რუბინის" მცველი სოლომონ კვერკველია ესწრებოდა, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"რა თქმა უნდა, იოლი მატჩი არ იქნება, თუმცა თუ გვინდა, რომ შემდეგ შეხვედრებს სატურნირო თვალსაზრისით აზრი ჰქონდეს, ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია. მით უმეტეს, რომ გუნდში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ ამ შედეგს მივაღწიოთ". 

"სახლის თამაშია, რომელშიც შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ეს მწვრთნელის უშუალო დავალებაა. რაც შეეხება მომენტების გამოუყენებლობის თემას, ეს ფეხბურთია და ყველა გოლი რომ გადიოდეს, ჩემი აზრით, ეს სპორტი ნაკლებად საინტერესო იქნებოდა". 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები