Aa
Aa

"ნაკრებიდან არავინ გამამხნევა" - ემილ ჰესკი რასისტულ შეძახილებზე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ემილ ჰესკიმ 2002 წლის მატჩი გაიხსენა. ბრიტანელები 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს სლოვაკეთის წინააღმდეგ მართავდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას გულშემატკივრებმა ჰესკი რასისტული შეძახილებით შეამკეს. ამასთან დაკავშირებით ყოფილმა თავდამსხმელმა "დეილი მეილთან" ისაუბრა.

"2002 წელს ჩვენ ბრატისლავაში სლოვაკეთს დავუპირისპირდით. ისინი პირველ ტაიმში იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში დევიდ ბექჰემმა შესანიშნავი ჯარიმით გაათანაბრა. ამის შემდეგ გულშემატკივრებმა ჩემი და ეშლი კოულის მისამართით რასისტული შეძახილები დაიწყეს. კონკრეტულად კი ისინი ჩვენ მაიმუნებს გვეძახდნენ.

არავინ იცის და არც არავის უკითხავს იმ მომენტში მე რა ვიგრძენი. არ მახსენდება, რომ რომელიმე თანაგუნდელი ამით შეწუხდა ან რაიმე მხარდაჭერა გამოხატა. სვენ გორან ერიქსონიც კი ჩუმად იყო. საუკუნის დასაწყისში ამ მხრივ სულ სხვა სიტუაცია იყო და ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, კრიტიკაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ახლა არის მნიშვნელოვანი და ახლა სჯიან იმ გუნდებს, რომლის გულშემატკივრებიც შავკანიან ფეხბურთელებს შეურაცხყოფენ.

საბოლოოდ მატჩი მაიკლ ოუვენის თავური დარტყმით 2:1 მოვიგეთ და მატჩის მიწურულს მთელი სტადიონი "მაიმუნს" სკანდირებდა. მინდა აღვნიშნო, რომ იმ თამაშში განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჩემთვის გაუგებარია რით დავიმსახურე ასეთი აგრესია. ეს ჩემ კარიერაში ყველაზე ცუდი დღე იყო" - განაცხადა ჰესკიმ

ემილ ჰესკიმ ინგლისის ნაკრების მაისურით 62 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ჯამში ინგლისელმა 22 სეზონის განმავლობაში 786 მატჩში მიიღო მონაწიელობა და 164 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები