პირადი დეტალები შეთანხმებულია - სუარესი ატლეტიკოს უახლოვდება
Aa
Aa

პირადი დეტალები შეთანხმებულია - სუარესი ატლეტიკოს უახლოვდება

ბოლო პერიოდის განმავლობაში "ბარსელონას" ვარსკვლავს ლუის სუარესს ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, მაგრამ დღეს ესპანური გამოცემა "მუნდო დეპორტივო" ახალ სიახლეს გვთავაზობს. მათი ინფორმაციით ურუგვაელი თავდამსხმელი მადრიდის "ატლეტიკოს" შეუთანხმდა.

"როხიბლანკო" ლუისს 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობს. კლუბმა და ფეხბურთელმა პირად შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ არსებობს ორი ფაქტორი, რის გამოც ტრანსფერის განხორციელება იწელება. 

პირველი სუარესის ხელფასია. 33 წლის თავდამსხმელი "ბარსელონასგან" 1 წლის მთლიან ანაზღაურებას ითხოვს, რადგან მას კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ჯერჯერობით კლუბს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ ჰქონია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიურ გრანდს ახლა ფინანსური კრიზისი აქვს და ვეტერანი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება, სახელფასო ჭერის გამოთავისუფლებას ნიშნავს. ურუგვაელი წლიურად დაახლოებით 20 მილიონ ევროს იღებს და გასაკვირი არ არის, რომ ხელმძღვანელობას ამ თანხის გადახდა არ სურს.

მეორე პრობლემაც იდენტურია. საქმე დიეგო კოშტას ეხება. ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელს კლუბთან კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მასაც სურს დარჩენილი ანაზღაურების მიღება. კოშტას ხელფასი 8 მილიონი ევროა. "როხიბლანკოს" შემტევ ხაზში ალვარო მორატა, ჟოაო ფელიში და ნიკოლა კალინიჩი ჰყავს. სუარესის გადმოსვლის შემთხვევაში დიეგოს ადგილი აღარ რჩება და კლუბის მესვეურებს მისი გაყიდვა სურთ, მაგრამ "მუნდო დეპორტივოზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ ფეხბურთელით მხოლოდ "ფენერბახჩე" ინტერესდება, თუმცა თურქების პოზიცია ამჟამად ინერტული და არადამაკმაყოფილებელია. 

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ რომერო კი წერს, რომ ლუის სუარესი კონტრაქტის დარჩენილი ვადით ანუ 1 წლით გათვალისწინებული ხელფასის ნაწილს მიიღებს, "ბარსელონა" კი მას უფასოდ გაუშვებს. მისი თქმით მხარეები ამაზე ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება და ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს. ლუის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტულის მოგება მოახერხა. ჩაატარა 283 მატჩი და 198 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები