ჭიაბრიშვილი: ''გენეტიკა არ იცვლება, ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: ''გენეტიკა არ იცვლება, ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს''

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. „რკინიგზელები“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 2-1 იმარჯვეს.

„კრაიოვასთან“ მატჩის მსგავსად, ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ შეხვედრაშიც გამართული ფეხბურთი აჩვენა, საკუთარი პლუსები და მოწინააღმდეგის მინუსები კარგად გამოიყენა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

გიორგი ჭიაბრიშვილმა გადაცემაში ''ბურთი და მოედანი'' მოსკოვის ''დინამოსთან'' მატჩის შესახებ ისაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: ''თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. იდეალური თამაშისგან შორს ვართ. მწვრთნელისთვის საკმარისი დრო არასდროსაა, ყოველთვის ფიქრობ რაღაცის დახვეწაზე.

რაც ჩვენ გვიყვარს და რაც ქომაგს უყვარს, იმ ფეხბურთისგან ძალიან შორს ვარ. ძლიერ მეტოქესთან გამოჩნდა, რომ შეგვიძლია გეგმას მივყვეთ.

ქართველებს გვჩვევია ხოლმე ყურადღების გაფანტვა, კონცენტრაციის დაკარგვა, მაგრამ ევროპა ლიგის გასული ორი მატჩიდან გამომდინარე ჩემს ფეხბურთელებს ჯერ ეს არ მოსვლიათ.

არაფავორიტის პოზიციაში თავს უკეთ ვგრძნობთ, უფრო კომფორტულად ვართ ვიდრე ჩვენს თამაშს ვიპოვით.

მიყვარს კომბინაციები, დომინირება, მინდა ჩემი გუნდი პირველ ნომრად თამაშობდეს.

შინაგანად ჩემი გუნდის ფეხბურთელები დისციპლინირებული კაცები არიან, რაც მოედანზეც ჩანს.

ფეხბურთის თამაში ძალიან მაღალ დონეზე შეგვიძლია. ქართველებს ეს ნიჭი გვაქვს. წარსულში ფეხბურთელები ქუჩაში ოსტატდებოდნენ, მაგრამ ახლა ასე აღარაა და ინდივიდუალიზმი იკარგება. გენეტიკა არ იცვლება, ნიჭიერი ბავშვები იბადებიან, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ ხდება მათი განვითარება.

პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მატჩებს ქომაგები არ ესწრებიან. ეს პრობლემა ევროპაში დადგა. როცა ქომაგი უკმაყოფილოა, ცდილობ თამაში გამოასწორო. ფეხბურთი ქომაგებისთვისაა. დღეს გულშემატკივარი ძალიან გვაკლია''.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე ესპანური ლა ლიგის წარმომადგენელი ''გრანადაა''. შეხვედრა ესპანეთში 24 სექტემბერს გაიმართება.

ევროპა ლიგის ფლიო-ოფის წილისყრის შემდეგ ცნობილია, რომ ესპანური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჭიაბრიშვილის გუნდი შვედურ ''მალმიოსა'' და ხორვატულ ზაგრების ''ლოკომოტივას'' წყვილში მოგებულს სტუმრად დაუპირისპირდება.

ფოტო: თბილისის ''ლოკომოტივის'' ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები