აბურჯანია ესპანეთში ბრუნდება - ახალი გუნდი და ნაცნობი ჩემპიონატი
ესპანური მედიის ცნობით გიორგი აბურჯანია ლა ლიგა 2-ში დაბრუნებასთან ახლოსაა.Elcomercio-ს ცნობით 25 წლის ქართველის ''ოვიედოში'' გადასვლა გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალური საკითხია გადასაჭრელი.
გასულ სეზონში ''ოვიედო'' ლა ლიგა 2-ის 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზე გავიდა. მთავარი მწვრთნელი ხოსე ანხელ ზიგანდაა, რომელიც 2017-18 წლებში ლა ლიგის ბილბაოს ''ატლეტიკს'' წვრთნიდა.
2019 წლის ზაფხულში ''სევილიამ'' აბურჯანია ჰოლანდიურ ''ტვენტეში'' ორწლიანი იჯარით გაუშვა, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისისას ''ტვენტემ'' ქართველისთვის ხელფასის გადახდა ვერ შეძლო და მას კლუბიდან წასვლაზე მიუთითეს.
ამ თემასთან დაკავშირებით გასულ თვეში ''ტვენტეს'' ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმა ისაუბრა და მან ფაქტობრივად დააანონსა ქართველის ტრანსფერი: ''აბურჯანია ევროკავშირის ქვეყნიდან არაა. ჩვენ არ შეგვიძლია მას კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი გადავუხადოთ. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელს ვაცნობეთ და მას შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს, თუმცა ტრანსფერზე არ დავაყენებთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შევასრულებთ.''
აბურჯანიასთვის ლა ლიგა 2 კარგად ნაცნობი ჩემპიონატია. მას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ''ხიმნასტიკის'', ''სევილიას'' სარეზერვო გუნდისა და ''ლუგოს'' მაისურით უთამაშია.
აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში აბურჯანიას ''ტვენტეში'' გონსალო გარსია წვრთნიდა, რომელიც ქართველთან ერთად ''ანორთოსისში'' თამაშობდა. სეზონის დასრულებას გარსიას გუნდიდან წასვლა მოჰყვა და ვაკანტური პოსტი რონ იანსმა დაიკავა.