დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრი: „ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“
Aa
Aa

დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრი: „ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“

მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, სერგეი სტეპაშინმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსული გუნდის მომდევნო მეტოქეზე, თბილისის „ლოკომოტივზე“ ისაუბრა.

„კენჭისყრის შედეგები საინტერესოა. რაც არ უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ, თბილისში არცერთ რუსულ გუნდს არ უთამაშია. სიმართლე გითხრათ, ლოკომოტივის შესახებ არაფერი ვიცი. მე მხოლოდ თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს ვიცნობ.

ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურობით გამოირჩევიან. გულშემატკივრებს რაც შეეხებათ, ისინი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ ისინი ტრიბუნებზე არ იქნებიან.

ყველაფერმა ნორმალურად უნდა ჩაიაროს. მითუმეტეს, რომ არა ყურმოკვრით, არამედ დანამდვილებით ვიცი, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის როგორი ურთიერთობაც იყო, ისეთივე დარჩა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის მატჩი არაა. ეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრაა. მე კლუბის წინაშე საკითხს ასე დავსვავდი და იმედი მაქვს, დირექტორთა საბჭოც იმავეს გააკეთებს.

ვიმედოვნებ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავალთ, მაგრამ სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან უფასთან მატჩმა გვაჩვენა, რომ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ზენიტთან შეხვედრის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს უფასთან დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, მაგრამ ქულა ძლივს ავიღეთ. ამიტომ აუცილებელია, სერიოზულად მოვემზადოთ“.

ცნობისთვის, სტეპაშინი წარსულში რუსეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები